რევაზ სოხაძე – ყველანი მობილიზებული ვართ, რომ რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას ის, რასაც თელავში ვუყურებთ და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ქალაქი ჩვეულ რიტმს

15:23, 12.07.2026

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია, რათა თელავში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას.

როგორც სოხაძემ განაცხადა, გატარებული იქნება პრევენციული ზომებიც იმ შემთხვევაში, თუ სტიქია ისევ განმეორდება.

„გუშინ ღამე თელავში იყო სტიქია, ცენტრალური ქუჩა სერიოზულად არის დაზიანებული. ამ წუთებში მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყველა შესაბამისი უწყება, ყველა სამინისტრო ჩართულია. აქ ვიმყოფები კახა გულედანთან, დავით სონღულაშვილთან, პარლამენტის წევრებსა და გუბერნატორთან ერთად. ყველანი მობილიზებული ვართ, რომ რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას ის, რასაც თელავში ყველანი ერთად ვუყურებთ და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ქალაქი ჩვეულ რიტმს.

სამომავლოდ ამ საკითხს შევისწავლით და ყველა პრევენციული ზომა გატარებული იქნება იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირებული იყოს სტიქიის შედეგები, თუ ის კიდევ გამეორდება“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, დაზიანებულია ავტომანქანები. შეიქმნა სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი, რომლის წევრები არიან როგორც საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მსგავსი