თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, დაზიანებულია ავტომანქანები [ვიდეო]

10:28, 12.07.2026

სტიქია თელავში – უხვი ნალექის შედეგად გვიან ღამით მდინარე თელავის ხევი ადიდდა. როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მოვარდნილი ღვარცოფი ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარე ხიდმა ვერ გაატარა, ქვა-ღორღით გავსებული კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ კავკასიონისა და ალაზნის ქუჩები დატბორა.

სტიქიის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები, მაღაზიები, აფთიაქები, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყველა სახელმწიფო და კომერციული ობიექტი.

ქალაქის აღნიშნულ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და სასმელი წყალი. მოსახლეობა ამბობს, რომ დატბორილია მათი კორპუსების სარდაფები, დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა.

დილიდან მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და სპეციალური ტექნიკა. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები.

კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, სტიქიით გამოწვეული ზარალი დიდია, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სალიკვიდაციო სამუშაოებს.

 

მსგავსი