Reuters - საუდის არაბეთი და რუსეთი ნავთობის წარმოების ზრდაზე საიდუმლოდ შეთანხმდნენ
საუდის არაბეთი და რუსეთი ნავთობის წარმოების ზრდაზე „ოპეკთან“ კონსულტაციის გარეშე შეთანხმდნენ. პარალელურად, ორივე მხარე მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც აწარმოებდა და ვაშინგტონისთვის უკვე ცნობილია შეთანხმების შესახებ. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საკუთარ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ალჟირში 23 სექტემბერს ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების კარტელის, „ოპეკის“ წვერი ქვეყნებისა და სხვა ნავთობმომპოვებელი ქვეყნების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, სადაც მთავარ საკითხად ბაზარზე მიწოდების მოსალოდნელი დეფიციტის დაბალანსება განიხილებოდა. თუმცა შეხვედრის შემდეგ ოფიციალური განცხადება წარმოების ზრდის შესახებ არ გაკეთებულა.
როგორც ცნობილია, 4 ნოემბრიდან „ოპეკის“ ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშე ირანზე აშშ-ის ეკონომიკური სანქციები ამოქმედდება. სანქციები ირანისგან ნავთობის შესყიდვას კრძალავს და შესაბამისად, ბაზარზე მოსალოდნელია დიდი დეფიციტი. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ნავთობის ფასმა შესაძლოა, ბარელზე 100 დოლარიც კი შეადგინოს.
ფასმა უკვე დაიწყო ზრდა და დღეის მდგომარეობით, 85 დოლარს აჭარბებს. ფასის დასტაბილურების მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი ხანია „ოპეკს“ წარმოების ზრდას სთხოვს. ანალიტიკოსების აზრით, ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ თუ „ოპეკის“ ხელმძღვანელი საუდის არაბეთი და „ოპეკის“ არაწევრი მსხვილი მომპოვებელი რუსეთი წარმოებას გაზრდიან, მოპოვებას პარალელურად აშშ-იც გაზრდის და ბაზარზე მოსალოდნელი მიწოდების დეფიციტი აღარ იქნება.
ნავთობის ფასის შემცირება თეთრ სახლს 6 ნოემბერს დაგეგმილი კონგრესის არჩევნებამდე სურს. Reuters-ის ანონიმური წყაროს ცნობით, საუდის არაბეთმა და რუსეთმა ჯერ კიდევ ალჟირში ჩასვლამდე „ოპეკთან“ კონსულტაციის გარეშე მოილაპარაკეს, რომ წარმოება სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ნელ-ნელა გაზარდონ.
დღიური წარმოების ზრდის ლიმიტმა დეკემბრისთვის 500 ათასი ბარელი უნდა შეადგინოს.
მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული აშშ-იც. ინფორმაცია შეთანხმების თაობაზე მან „ოპეკის“წევრებზე ადრე მიიღო. ახალი ლიმიტის გაცხადებას პარტნიორები ალჟირის შეხვედრაზე აპირებდნენ, მაგრამ „ოპეკის“ ზოგიერთი წევრის, განსაკუთრებით ირანის მიერ წარმოების ზრდის მიმართ გამოთქმული კრიტიკული პოზიციის გამო, გადაწყვეტილების გამოცხადება 6 დეკემბერს ვენაში დაგეგმილ ოფიციალურ შეხვედრამდე გადადეს.
Reuters-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთმაც და რუსეთმაც წარმოების ზრდა ფაქტობრივად დაიწყეს. საუდის არაბეთმა სავარაუდოდ, დღიურ წარმოებას 200-დან 300 ბარელამდე ნავთობი დაამატა, რუსეთმა კი 150 ათასი ბარელი.