რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარდამჭერებს მიმართა - ამ არჩევნებში გამარჯვებულია თურქეთი, გამარჯვებულია ჩვენი დემოკრატია
როგორ შეიძლება, არ გიყვარდეს ეს ერი? – ამ სიტყვებით დაიწყო რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილი მხარდამჭერებისადმი მიმართვა.
ერდოღანმა განაცხადა, რომ მომხრეებთან ერთად ააშენებს თურქეთის მომავალს.
„ეს გზა ერთად გავიარეთ. დღე და ღამე ვიარეთ და ეს მოვალეობა ისევ მომეცით. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ თურქეთის აშენებას და გაახალგაზრდავებას. ამ არჩევნებში გამარჯვებული თურქეთია. გამარჯვებული ჩვენი დემოკრატიაა“, – აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, „ტერორისტულმა ორგანიზაციებმა“ წააგეს და ქვეყნის 85 მილიონმა მოქალაქემ გაიმარჯვა.
„ჩვენი გული და ხელები კვლავ მიწისძვრის რეგიონში იქნება“, – განაცხადა ერდოღანმა და აღნიშნა, რომ თურქეთის დანგრეული ქალაქების აღდგენა კვლავაც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი იქნება.
ერდოღანმა ისაუბრა ინფლაციაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველაზე აქტუალური საკითხი ამჟამად ინფლაციაა და ამ პრობლემის მოგვარება არ არის რთული.