ლეგენდარულ კალათბურთელს, ზურაბ საკანდელიძეს 9 აგვისტოს 78 წელი შეუსრულდებოდა. იგი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი კალათბურთელია, ხუმრობა ხომ არ გახლავთ – ევროპის ჩემპიონატი ოთხჯერ აქვს მოგებული, 1972 წლის ოლიმპიადის ფინალში კი მიხეილ ქორქიასთან ერთად აშშ-ის ნაკრები დაამარცხა.
ტიტულებს დოსიეში უკეთ გაეცნობით, პირველი არხის უნიკალური არქივიდან გაცოცხლებული ვიდეოკადრებიც უთუოდ დაგაინტერესებთ, ქვემოთ კი გთავაზობთ ევროპის სამგზის ჩემპიონის, ჩემპიონთა თასის მფლობელის, გურამ მინაშვილის მოგონებას ზურაბ საკანდელიძეზე. სხვათა შორის, ბატონ გურამს არაერთხელ უთქვამს – რომ შევამჩნიე, „დინამოში“ დიდი მომავლის გამთამაშებელი გამოჩნდა, კარიერის ნაადრევად დასრულების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, საკოს გზა დავუთმეო.
„ვიდრე „დინამოში” ჩაირიცხებოდა, ვიცოდით, რომ ქუთაისში თამაშობდა პერსპექტიული ახალგაზრდა ზურაბ საკანდელიძე. ასეთი კალათბურთელების სარბიელზე გამოსვლა ყოველთვის „დინამოში“ მოხვედრით მთავრდებოდა და ერთ დღესაც ზურიკო ჩვენს ვარჯიშზე გამოცხადდა.
მისი ძმა, ანზორი შედარებით უფროსი იყო და პირველივე შეხვედრისთანავე რესტორანში სასადილოდ დამპატიჟა. ვისაუბრეთ „დინამოზე“, სხვადასხვა საკალათბურთო თემებზე და, რა თქმა უნდა, ზურაბ საკანდელიძეზე – ანზორმა მითხრა, ჩემს ძმას შენ გაბარებო. ან თქმა რად მინდოდა? პირველივე ვარჯიშზე დავრწმუნდი მის შესაძლებლობებში და თვალნათლივ წარმომიდგა ზურას მომავალი, ბრწყინვალე კარიერა. ასეთი ნიჭის ადამიანს კი ახალგაზრდულ ასაკში განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.
ზურიკოს ჩემი კეთილგანწყობა მუდამ თან სდევდა. 9 წლით უფროსი ვიყავი და, შეიძლება ითქვას, „დინამოში“ ჩემს „ფრთებქვეშ“ გაიზარდა.
ზურაბ საკანდელიძე მოედანზე რას წარმოადგენდა, ქართველ გულშემატკივარს კარგად მოეხსენება. კარიერის დასაწყისშივე იოლად დაიმკვიდრა ადგილი „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში. უკანა ხაზში მე და ზურა ვთამაშობდით. მის მონაცემებს საუკეთესოდ ვიყენებდი:
მოგეხსენებათ, თბილისელები საბჭოთა კავშირში ყოველთვის ელვისებური იერიშებით გამოვირჩეოდით. მატჩში საერთო ქულების 20-30 პროცენტი პირველ შეტევაზე მოდიოდა. ჩვენს გუნდში რეაქტიული საკანდელიძის გამოჩენის შემდეგ მოწინააღმდეგეებს საქმე კიდევ უფრო გაურთულდათ. თუ სხვა თანაგუნდელს საკუთარი ნახევრიდან პასს პირდაპირ ხელში ვაძლევდი, ზურიკოს ორი მეტრით წინ ვაწვდიდი, რადგან მისი სისწრაფე გარანტია იყო იმისა, რომ ბურთს აუცილებლად დაიჭერდა. თამამად შემიძლია ვთქვა, საკანდელიძე იყო ყველაზე სწრაფი კალათბურთელი, რომელსაც ჩემ გვერდით უთამაშია.
მიხარია ისიც, რომ ჩემს მისდამი ყურადღებას უკვალოდ არ ჩაუვლია. როცა ზურა ვარსკვლავი გახდა, სსრ კავშირის, მსოფლიოს ჩემპიონატები და ოლიმპიადა მოიგო, ყოველ ინტერვიუში მახსენებდა: რომ შეეკითხებოდნენ, ვინ იყო საუკეთესო პარტნიორი, ჩემზე მიუთითებდა. შეიძლება ეს ჩემი მხრიდან ზედმეტად ამაყად ჟღერდეს, არც უნდა იწერებოდეს, მაგრამ მიხარია, რომ ზურაბ საკანდელიძის მწვერვალისკენ სვლაში მოკრძალებული წვლილი მეც მიმიძღვის“.