რატომ მოდიხარ სხვის სახლში, არ გაკმაყოფილებს, რაც გაქვს? – რუსეთის აგრესია „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ ლეგენდამაც დაგმო #1TVSPORT
მე-20 საუკუნის საუკეთესო რუმინელმა ფეხბურთელმა, გეორგე ჰაჯიმ რუსეთის აგრესია დაგმო და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში მალე მშვიდობა დაისადგურებს.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რა კარგია მშვიდობიანი ცხოვრება. არ მგონია, რომ მსოფლიოში ვინმეს ეს ომი უნდოდეს – მინდა, რომ რაც შეიძლება მალე შეწყდეს, ყველა წააგებს ამით. საზოგადოების ყველა პრობლემა ახლა დიდი ინტერესებიდან და დიდი ფულიდან მოდის. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ძლიერები, რომ აღმოვფხვრათ ის, რისი ადგილიც საზოგადოებაში არ არის.
– ის, ვინც უკრაინას თავს დაესხა, უნდა შეჩერდეს. ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობა, სიმშვიდე, სპორტი, კულტურა, ჯანმრთელობა, კარგი ცხოვრება სუფევდეს. ჩვენ არ შეგვიძლია ბომბების ქვეშ ცხოვრება. რასაც ვხედავთ, ის ვეღარ გაგრძელდება. მინდა თუ არა, ბოლო დღეებში ამაზე უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე ფეხბურთზე.
– არ ვიცი, რა აქვთ თავში მათ, ვინც სხვას თავს ესხმის და ომს იწყებს. როგორ ფიქრობენ, რისი გაკეთება სურთ? ვერ დაკმზყოფილდნენ იმით, რაც აქვთ? რა გინდა, სხვის სახლში რატომ მიდიხარ? არ მოგბეზრდა ის, თუ რამდენი ფული და ძალაუფლება გაქვს? ჩვენც, უბრალო ადამიანებსაც გვინდა კარგად ცხოვრება.
– იმედგაცრუება, ტანჯვა… არ მჯერა, მტკივა, რომ ასეთი რამ ჩვენს დროში ხდება. სამწუხაროდ, ჩემი სიტყვები ომის შესაჩერებლად საკმარისი არ არის. რაც ვთქვი, ესეც არაფერს შეცვლის, არა მგონია, რომ ეს სიტყვები გაითვალისწინონ. ვისაც ბევრი ფული აქვს, ომი არ უნდა დაიწყოს! სჯობს ინვესტიცია ჩადოთ სპორტში, კულტურაში, კინოში, თეატრში. დაე, თითოეულ ქვეყანა იყოს მთლიანი და თავი კარგად ვიგრძნოთ. მიჭირს ამის გაგება, ეს ვის არ აწყობს“, – ციტირებს ჰაჯის სიტყვებს gsp.ro.
გეორგე ჰაჯი თამაშობდა ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბებში და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში, სადაც 125 მატჩში 35 გოლი გაიტანა. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 80-ე ადგილზე დასახელდა.