რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა ემიგრაციაში ისწავლა ქართული, როცა არც იცოდა, ოდესმე დაბრუნდებოდა თუ არა, ამით მისმა ოჯახმა სამშობლოს სიყვარულის მაგალითი მოგვცა
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა ემიგრაციაში ისწავლა ქართული, როცა არც იცოდა, ოდესმე დაბრუნდებოდა თუ არა, ამით მისმა ოჯახმა სამშობლოს სიყვარულის მაგალითი მოგვცა

სალომე ზურაბიშვილმა მაშინ ისწავლა ქართული ენა, როცა ემიგრაციაში იყო და ჩვენ შორის წითელი რკინის ფარდა არსებობდა, მან არ იცოდა, ოდესმე შეძლებდა თუ არა საქართველოში დაბრუნებას, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ტელევიზიით გადაიცემა ვიდეორგოლი, სადაც საუბარია სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართული ენის ცოდნაზე და შემდეგ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აკეთებენ კომენტარებს.

„როდესაც არჩევნების მაღალ სტანდარტზე ვსაუბრობთ, თითოეულს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია, რადგან ვართ ამ პროცესის მონაწილე. თითოეული ჩვენგანი წარმოჩინდება ისე, როგორც ვიმოქმედებთ და რა ღირებულებებითაც ვიხელმძღვანელებთ. ტელევიზიით გადაიცემა ვიდეორგოლი, სადაც საუბარია სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართული ენის ცოდნაზე. შემდეგ ამ ნარატივს ჩვენი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი და ახალი წარმომადგენლობის წევრები და კანდიდატები თავიან ინტერვიუში და გამოსვლებში უღრმავდებიან.

მინდა შეგახსენოთ, რომ პოლიტიკაში ისევე, როგორც ცხოვრებაში არსებობს ღირსება, სინდისი, რომლის გადალახვაც ნიშნავს უზნეობას.  ასე ხდება მაშინ, როცა ჩვენ გვავიწყდება საქმიანი მიდგომები და პირად შეურაცხყოფაზე გადავდივართ. მინდა ასეთ ადამიანებს შეგახსენოთ, სალომე ზურაბიშვილმა თავისი ცხოვრების 50 წელი გაატარა ისე, რომ საქართველოში არ იყო ნამყოფი. მისი ოჯახი ერთი საუკუნეა, ემიგრაციაშია. შეიცვალა თაობები და ამ ოჯახმა შეინარჩუნა ქართული ენა. ქალბატონმა სალომემ მაშინ ისწავლა ქართული ენა, როცა ემიგრაციაში იყო და ჩვენ შორის არსებობდა წითელი რკინის ფარდა და მან არ იცოდა, ოდესმე შეძლებდა თუ არა საქართველოში დაბრუნებას. ამით მან და მისმა ოჯახმა მოგვცა მაგალითი, თუ როგორი დიდი პასუხისმგებლობაა შენი სამშობლოს სიყვარული და ამ ყველაფრის ფონზე, თქვენ გიბრუნდებათ ენა, რომ ირონიით მიმართოთ ყველაფერს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ამასთან, რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მხოლოდ 10 წელი იყო რუსეთში სამუშაოდ და იმდენად დაავიწყდა ქართული, რომ სიტყვა  – შტაბბინის ნაცვლად, „შტაბკვარწირას“ იყენებს. „ნაციონალური მოძრაობა“ „ძალა ერთობაშია“-ს შემადგენლობაშია.

„ ეს ნამდვილად მრცხვენია და მოხარული ვარ, რომ ასეთი ფასეულობების ადამიანები ვეღარასოდეს გადაწყვეტენ ჩემი ქვეყნის ბედს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, ოპონენტებიდან პრეზიდენტობის ორი კანდიდატია გამორჩეული და ორივე სხვადასხვა პარტიას, მაგრამ ერთ პოლიტიკურ მოძრაობას წარმოადგენენ.

„ერთი კანდიდატი გამორჩეულია სუკ-ის სოლიდური ბექგრაუნდით და ეს გასაგები და თვალსაჩინოა. მეორე კანდიდატი კი, როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო, იმდენად ჩვეული იყო სახელმწიფო ინსტიტუციების შეურაცხყოფა და გათელვა, ეს ყოველდღიური საქმიანობისა და მუშაობის წესი იყო თქვენი. ფაქტობრივად, პარლამენტი, რაზეც ფუძნდება კონსტიტუცია, ღირსება, სახელმწიფოს ხედვა და ადამიანის უფლებები, სანოტარო ბიუროდ ჰქონდათ გადაკეთებული. მაინტერესებს, ეს თქვენი კანდიდატი დავით ბაქრაძე, ასეთი პრინციპული იქნება, როგორც თქვენ გგონიათ თუ პრეზიდენტი გახდება? ისეთივე პრინციპულობას გამოიჩენს, როგორც მიხეილ სააკაშვილის მიმართ იჩენდა? ვფიქრობ, რომ ეს არის რიტორიკული კითხვები, რომლებსაც პასუხები არაერთხელ გასცა ჩვენმა მოსახლეობამ და კიდევ არაერთხელ გასცემს. სასიხარულოდ და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, როგორც არ უნდა ოცნებობდეთ, ვერასდროს დაბრუნდებით ქვეყნის მართვაში და ხელისუფლებაში“, – განაცხადა იონათამიშვილმა ოპოზიციის მისამართით პარლამენტის სხდომაზე.