რატი იონათამიშვილი - ახალი საარჩევნო კოდექსი შშმ პირებისთვის მისაწვდომობის მყარ გარანტიებს შექმნის
რატი იონათამიშვილი - ახალი საარჩევნო კოდექსი შშმ პირებისთვის მისაწვდომობის მყარ გარანტიებს შექმნის

დროებითი წესი, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე დაინერგება, ეტლით მოსარგებლე და მობილურობის შეზღუდვის მქონე ამომრჩეველს საშუალებას მისცემს, არჩევნებში მონაწილეობა საკუთარ ოლქში არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე მისვლით მიიღონ, რომელიც  ადაპტირებული იქნება და დამოუკიდებელ გადაადგილებას შეძლებენ, –  ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამისთვის საკ,არისი იქნება, რომ კენჭისყრამდე არაუგვიანეს ექვსი დღით ადრე მივმართოთ შესაბამის საარჩევნო, ან საოლქო კომისიას. ჩვენი მიზანია, ყველა კატეგორიის შშმ პირისთვის მაქსიმალურად მისაწვდომი იყოს საარჩევნო გარემო და ეს უფლება კანონით იყოს დაცული. ამ მხრივ, ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვანი სიახლეები დაინერგა უსინათლო და მცირემხედველი, სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული, ასევე, ინტელექტუალური შეფერხების მქონე ამომრჩევლისთვის, მთავარ გამოწვევად კი, საარჩევნო უბნების ადაპტირება რჩება“, – განაცხადა დეპუტატმა.

როგორც მან აღნიშნა, შშმ პირებს უფლება აქვთ, აირჩიონ და იყვნენ არჩეული, თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა კი ხელისუფლების ვალდებულებაა, რომელიც გაერო-ს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის 29-ე მუხლით აქვს აღიარებული.

„ცხადია, ეს დროებითი ნორმა არ არის საარჩევნო უბნების ადაპტირების ალტერნატივა,  არამედ მისი შემადგენელი ნაწილი, რადგან ჩვენ გვაქვს ვალდებულება, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც უკვე ხვალ მოგვცემს უსწრაფეს და პოზიტიურ შედეგებს. ამის პარალელურად, მისაწვდომობის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ადაპტირების პროცესის გაზრდა ნამდვილად იქნება თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და წინ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს. ასევე, პროექტის თანახმად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება, ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი, არაუგვიანეს არჩევნებამდე მეექვსე დღისა.