რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ევროპის საბჭოსთვის მინისტრთა კომიტეტის სტრასბურგში ჩატარებაზე არ მიუმართავს
რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ევროპის საბჭოსთვის მინისტრთა კომიტეტის სტრასბურგში ჩატარებაზე არ მიუმართავს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას ევროპის საბჭოსთვის მინისტრთა კომიტეტის სტრასბურგში ჩატარებაზე არ მიუმართავს.

როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, მინისტრთა კომიტეტის ჩატარების თემაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ცალმხრივად არ ხდება და ამას ევროპის საბჭოს დებულება არეგულირებს.

ამასთან, იონათამიშვილი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მაღლა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დგას, რომელიც არ უნდა დაირღვეს.

„თუ საინფორმაციო წყაროები იმით გამოირჩევიან, რომ არ ვენდოთ, ასეთია რუსული წარმოშობის გაურკვეველი ვებ-გვერდები და ასეთ წყაროებზე განცხადების გაკეთება უხერხულია. საქართველოს საგარეო უწყების მხრიდან მსგავსი მიმართვა არ ყოფილა. მსგავს საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება ცალმხრივად არ ხდება და კონსულტაცია ევროსაბჭოსთან უნდა შედგეს. ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, ყველაზე მაღლა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დგას, რომელიც არ უნდა დაირღვეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოში ქართული დელეგაციის საქმიანობა წარმატებულია და ახლა მსგავსი იაფფასიანი არხებით ამის დაკნინებას ცდილობენ”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რუსეთის წარმომადგენელის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით, „საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც უკრძალავს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას იმ პირებს, რომლებიც მათი ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული პოლიტიკისგან განსხვავებით, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს.

აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილის განმარტებით, საქართველო მზადაა, მიიღოს საპარლამენტო ასამბლეა, როგორც ამას ორგანიზაციის პრინციპები და წესები ითვალისწინებს.

ამასთან, გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ჩატარდება თუ არა გაზაფხულზე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში.