„რასინგის“ ცხრა მორაგბეს კორონავირუსი აქვს - „ჩემპიონთა თასის“ ფინალი საფრთხეშია
მას შემდეგ, რაც „რასინგ 92“-ის რამდენიმე მორაგბეს კორონავირუსი დაუდგინდა, „ჩემპიონთა თასის“ ფინალი, რომელიც გუნდმა 17 ოქტომბერს „ექსეტერ ჩიფსის“ წინააღმდეგ უნდა გამართოს, საფრთხეშია. ორგანიზაცია ინფიცირებული სპორტსმენების ვინაობას, რა თქმა უნდა, არ ამხელს.
პარიზულმა კლუბმა სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა, რომ COVID 19 გუნდის ცხრა წევრს აქვს.
„ტესტების შედეგად, რომელიც მთელ გუნდს ჩაუტარდა, გამოვლინდა რამდენიმე დადებითი შემთხვევა. ახლა ველოდებით საფრანგეთის რაგბის კავშირის რეკომენდაციებს და მათ აუცილებლად გავითვალისწინებთ“, – ვკითხულობთ „რასინგის“ მიერ „ტვიტერზე“ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
უკვე ცნობილია, რომ გადადებულია „ტოპ 14“-ის მესამე ტურის დაპირისპირება „ლა როშელსა“ და „რასინგს“ შორის.
„ჩემპიონთა თასის“ ფინალამდე მხოლოდ 15 დღე რჩება. „მიდი ოლიმპიკი“ (Midi Olympique) წერს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები არა მოგზაურობასთან, არამედ პარიზში გართულებულ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. შეგახსენებთ, რომ „რასინგში“ ქართველი ბურჯი – გურამ გოგიჩაშვილი ირიცხება.