რას დავინახავდით ცაში, მთვარის ადგილას პლანეტები რომ იყოს [ვიდეო]
რას დავინახავდით ცაში, მთვარის ადგილას პლანეტები რომ იყოს [ვიდეო]

არასოდეს დადგება ის დღე, როცა დილით გაიღვიძებთ და ცაში ჩამოკიდებულ იუპიტერს დაინახავთ, მაგრამ ორი საოცარი ანიმაცია გაჩვენებთ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს მოვლენა.

მოყვარული ასტრონომი ნიკოლას ჰოლმსი თავის იუთუბ-არხისთვის კოსმოსური თემატიკის ვიდეოებს ამზადებს.

ერთ-ერთი ასეთი ვიდეო მან 2013 წელს გამოაქვეყნა, მაგრამ მას შემდეგ, ინტერნეტში ვირუსულად რამდენჯერმე გავრცელდა. ვიდეოში ასახულია, როგორ გამოჩნდებოდა მზის სისტემის პლანეტები, თუკი ისინი დედამიწის ორბიტაზე მთვარის ნაცვლად იმოძრავებდნენ.

მეორე ვიდეო იგივე სცენარს ასახავს — პლანეტების აღლუმს ცაში, როგორც ის ქალაქის ქუჩიდან გამოჩნდებოდა. ჰოლმსის განცხადებით, მას პირველ რიგში საკუთარი ცნობისმოყვარეობა ამოძრავებს.

ამისათვის, მან ცას ვიდეო გადაუღო პენსილვანიის ქალაქ ჰანტსვილში, შემდეგ კი, კომპიუტერული პროგრამით მთვარე პლანეტებით ჩაანაცვლა.

მთვარის ადგილას რომ სხვა პლანეტები იყოს

იაპონიის კოსმოსური სააგენტოს პლანეტური მეცნიერის, ჯეიმს ო’დონოგის განცხადებით, ვიდეოში პლანეტების ზომები ზუსტია.

თუ ვიდეოს კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ იუპიტერის ოთხ დიდ მთვარეს — იოს, ევროპას, განიმედესა და კალისტოს. როცა მის ადგილს სატურნი იკავებს, დაინახავთ, როგორ ჩაივლის რგოლების წინ მისი მთვარე თეტისი.

შეიძლება შენიშნოთ, რომ ვიდეოს აკლია ერთი პლანეტა — მერკური. ამის მიზეზი ის არის, რომ ის ჩვენს მთვარეზე ოდნავ დიდია.

ჰოლმსმა ასევე დაამზადა ასეთი ვიდეოს ღამის ვერსია. ანიმაციაში ჩანს ურანი თავის რგოლებით, როგორ ჩაივლის სატურნის წინ მისი მთვარე დიონა, რომელიც მისგან იმავე მანძილით არის დაშორებული, რითაც მთვარე დედამიწას. რა თქმა უნდა, ამ სცენარით დიონა ჩვენს პლანეტას შეეჯახებოდა.

იუპიტერის მსგავსი დიდი პლანეტების სიახლოვის შემთხვევაში, დედამიწაზე ვულკანური კატასტროფა მოხდებოდა

თუმცა, ჰოლმსის ვიდეოში ყველაფერი ზუსტი როდია.

პირველ რიგში, დეტალების უფრო წარმოჩენის მიზნით, მომატებულია ამ პლანეტების მიერ მიღებული მზის სინათლის ოდენობა. პლანეტები ღერძის მიმართ დახრილია არაზუსტად და ბრუნავენ არასწორი სიჩქარით.

ეს პლანეტები რომ დედამიწას ასე მოუახლოვდნენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე მშვიდად არ იქნება, როგორც ჰოლმსის ვიდეოში ჩანს.

თუკი მთვარის ადგილს იუპიტერი, სატურნი, ურანი ან ნეპტუნი დაიკავებს, თავად დედამიწა გახდება ამ პლანეტების მთვარე.

იმის წარმოსაჩენად, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს ჩვენთვის, შეხედეთ იუპიტერის მთვარე იოს.

იო

იუპიტერის გრავიტაციული ძალები იოს ჭიმავს და კუმშავს, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი მთვარე იწვევს დედამიწის ოკეანეების მიქცევა-მოქცევას. იუპიტერის უზარმაზარი მასა იოს იმდენად ჭიმავს და კუმშავს, რომ მისი ქანები 100 მეტრით წინ და უკან იზნიქება.

გრავიტაციულ გავლენას იოზე ასევე ახდენს იუპიტერის ორი სხვა მთვარე — განიმედე და ევროპა.

ეს ყველაფერი ციცქნა მთვარეს საოცრად აცხელებს და მის ზედაპირქვეშა სითხეში წარმოქმნის წნევას. შედეგად კი ხდება იმდენად მძლავრი ვულკანური ამოფრქვევები, რომ ლავა პირდაპირ კოსმოსში იტყორცნება. გრავიტაციული ძალების გავლენის გამო, იო მზის სისტემაში ყველაზე აქტიური ვულკანური სხეულია.

ჯეიმს ო’დონოგის განცხადებით, იგივე სცენარი განმეორდებოდა დედამიწაზეც. იუპიტერის გრავიტაცია დედამიწის მანტიასა და ქერქს კრემბრულესავით დაამსხვრევდა და დაიწყებოდა ისეთი ვულკანური ამოფრქვევები, რომლის მსგავსიც მხოლოდ აპოკალიფსურ ფილმებში თუ გექნებათ ნანახი.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.