რამდენად უიღბლონი იყვნენ დინოზავრები — ასტეროიდი, რომელმაც ისინი გადააშენა, უიშვიათესი ტიპის იყო და ძალიან შორიდან მოსული #1tvმეცნიერება
დინოზავრები დედამიწაზე მილიონობით წელი ბატონობდნენ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, მათი დრო ამოიწურა.
დაახლოებით 66 მილიონი წლის წინ, თანამედროვე მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე, დედამიწას დიდი ასტეროიდი დაეცა. შეჯახებამ მთელ პლანეტაზე გამოიწვია ტყის ხანძრები, უზარმაზარი ცუნამი, ოკეანეში მჟავიანობის მომატება, ვულკანური ამოფრქვევები და მიწისძვრები.
ცაში ასულმა ნარჩენების ღრუბლებმა მზის სინათლე შეასუსტა და პლანეტა გააგრილა, რამაც მცენარეული სიცოცხლე გაანადგურა და კვების ჯაჭვების ნგრევის კასკადი გამოიწვია.
როგორც ჩანს, დინოზავრები განსაკუთრებით უიღბლოები იყვნენ — მათ დასამხობად სამწუხარო დამთხვევების სერია მიჰყვა ერთმანეთს.
მიჩნეულია, რომ ასტეროიდი რომ დედამიწას სხვა ნებისმიერ ადგილას დასცემოდა ან სხვა კუთხით, შედეგები სავარაუდოდ ასეთი გამანადგურებელი არ იქნებოდა.
პლანეტის ამ ნაწილში სახეობათა აღდგენის უნარი შეამცირა წელიწადის იმ დრომაც კი, როცა ეს მოხდა — ასტეროიდი დედამიწას იმ დროს დაეცა, როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შუა გაზაფხული იდგა.
ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა უიღბლობათა ამ სიას კიდევ ერთს მატებს — თავად სხეული, რომელიც დედამიწას დაეცა, უკიდურესად იშვიათი ტიპის იყო და სავარაუდოდ, მზის სისტემის გარე, შორეული მისადგომებიდან მოსული.
უკვე ვიცით, რომ ის კარბონატული ქონდრიტი იყო — მეტეორიტთა კლასი, რომლებზეც მოდის დედამიწაზე ჩამოცვენილთა ხუთ პროცენტზე ნაკლები.

თუმცა, ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ დინოზავრების მკვლელი ეს ქვა მიეკუთვნებოდა ქვეჯგუფს, რომელსაც კარბონატული ორნანი (CO) მეტეორიტები ეწოდება. მათზე მოდის დედამიწაზე ჩამოცვენილ ქონდრიტთა კიდევ უფრო უმცირესი წილი.
იუპიტერი უჩვეულოდ ეფექტიანი გრავიტაციული მეკარეა, რომელიც მზის სისტემის გარე ნაწილებიდან მოსულ კოსმოსურ ქვებს შიდა ნაწილში, მათ შორის ჩვენკენ შემოსვლის საშუალებას არ აძლევს.
რა თქმა უნდა, ზოგიერთი პატარა ქვა მას მაინც უძვრება, მაგრამ საკმაოდ უჩვეულოა, რომ მას 10 კმ სიგანის ლოდი გაუძვრეს.
„ორნანების კლასის კარბონატული ქონდრიტები ნამდვილად არაა ის ტიპური მეტეორები, რომლებსაც მუზეუმის კოლექციებში ნახავთ. ასეთი იშვიათი, ძალიან შორიდან მოსული ქვის დაცემა აჩვენებს, რამდენად უუღბლონი იყვნენ დინოზავრები“, — ამბობს ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის გეოლოგი ფილიპ კლეისი.
ამ სხეულის წარმომავლობის დასადგენად, მკვლევრებმა რაღაც სასამართლო ექსპერტიზის მსგავსი ჩაატარეს — მაგრამ ამ შემთხვევაში, დანაშაულის ადგილი მთელი პლანეტა იყო.
ცარცულ-პალეოგენური საზღვარი (K-Pg) არის გეოლოგიური ფენა, რომელიც კლდეში გამოკვეთილი შავი ხაზით უსვამს ხაზს დინოზავრების ეპოქის დასასრულს.
მკვლევრებმა ანალიზები ჩაუტარეს ამ საზღვრიდან ხუთ სხვადასხვა ადგილზე აღებული ნიმუშები: ერთი დანიაში, ერთი ესპანეთში და სამი იტალიაში. შემდეგ ისინი შეადარეს სხვადასხვა ქვეჯგუფის 11 სხვადასხვა კარბონატული ქონდრიტიდან აღებულ ნიმუშებს.
ჯგუფმა კონკრეტულად შეისწავლა ნიმუშებში არსებული ნიკელი. ეს ელემენტი გაცილებით მაღალი კონცენტრაციით გვხვდება პრიმიტიულ მეტეორიტებში, ვიდრე დედამიწის ქერქში; სხვადასხვა ტიპის მეტეორიტს ნიკელის იზოტოპთა სხვადასხვა ხელწერა აქვს.

ნიმუშებიდან ნიკელი ამოიღეს და დაწმინდეს, შემდეგ შეისწავლეს მისი იზოტოპები და ერთმანეთს შეადარეს.
მართლაც, ანალიზები ყველაზე ძლიერ მიუთითებდა კარბონატული ორნანების ჯგუფზე.
„ანალიზები მტკიცედ გამორიცხავს პოტენციურად სხვა შემადგენლობის სხეულთა უმეტესობას, მათ შორის კარბონატულ მიგეი ქონდრიტებს, რომლისკენაც იხრება ამჟამად ლიტერატურის უმეტესობა“, — წერენ მკვლევრები.
მკვლელი ქვის იდენტობის გამოვლენა ახალ დეტალებს სძენს იმ საბედისწერო დღეს დაწყებულ ამბებს და აჩვენებს, რამდენად უიღბლოდ წარიმართა ყველაფერი დინოზავრებისთვის.
ხშირად, დაცემის შემდეგ დაწყებული აპოკალიფსური მოვლენების მთავარ დამნაშავედ გოგირდს მიიჩნევენ — ატმოსფეროში აორთქლებული გოგირდი არა მხოლოდ მზეს ბლოკავს, არამედ მიწაზე მჟავა წვიმის სახით ბრუნდება და ათასწლეულების განმავლობაში აბინძურებს ნიადაგსა და წყალს.
თუმცა, ამ ტიპის სხეული ნიშნავს იმას, რომ გოგირდი სავარაუდოდ ამ ამბავში მთავარი ბოროტმოქმედი არ ყოფილა.
„კარბონატული ორნანები გაცილებით ნაკლებ აქროლად ელემენტებს შეიცავს — როგორიცაა ნახშირბადი, თუთია, წყალი და განსაკუთრებით გოგირდი — ვიდრე დედამიწაზე აღმოჩენილი სხვა კლასის მეტეორიტები. ის არ ცვლის ჩვენს თეორიას გადაშენების მოვლენის გამომწვევ მიზეზთა შესახებ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოს ხდის, რომ მთავარი დამნაშავე ჩამოვარდნილ სხეულში შემავალი გოგირდი იყო“, — ამბობს ფილიპ კლეისი.
მისი თქმით, მთავარი ფაქტორი უნდა ყოფილიყო ატმოსფეროში გაფანტული წვრილი ნაშალი მასალა.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია science.ubc.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.