რაგბის მსოფლიო თასზე საფრანგეთის ნაკრებმა მეორე თამაშიც მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

სამდღიანი შესვენების შემდეგ რაგბის მსოფლიო თასი მეორე ტურის მატჩით განახლდა, რომელშიც მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები ურუგვაის დაუპირისპირდა და 27:12 დაამარცხა.

შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ანგარიში საფრანგეთის ნაკრებმა მე-4 წუთზე ზუსტი საჯარიმო დარტყმით გახსნა, რასაც ორ წუთში ურუგვაელთა ლელო მოჰყვა და სამხრეთამერიკელები დაწინაურდნენ, თუმცა ცოტა ხნით. მიღებული ლელოს შემდეგ მასპინძლებმა დიდი ძალებით და აგრესიულად შეუტიეს და მე-11 წუთზე ლელოს დადება მოახერხეს, რომელიც ჟამინემ ზუსტად გარდასახა და საფრანგეთის ნაკრები დაწინაურდა.

პირველ ტაიმში ურუგვაის ნაკრები ძლიერ მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა და მეორე ლელოს დადებაც მოახერხა, მაგრამ მანამდე არბიტრმა წესების დარღვევა დააფიქსირა და სამხრეთამერიკელთა ლელოც გაუქმდა.

ტაიმი ფრანგებმა 13:5 მოიგეს.

მეორე ტაიმი გუნდებმა კვლავ აქტიურად დაიწყეს. 54-ე წუთზე ურუგვაელებმა სწრაფი შეტევა ლელოთი დაასრულეს და ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირეს, თუმცა ერთ წუთში ფრანგებმა კარგად ისარგებლეს მეტოქის შეცდომით და მაუკავამ ლელოს დადება მოახერხა, ჟამინე კი გარდასახვისას ზუსტი იყო და მასპინძლები კვლავ რვა ქულით გავიდნენ წინ – 20:12.

შეხვედრის დასრულებამდე რვა წუთით ადრე ფრანგებმა კიდევ ერთი ლელო დადეს – თავი ბიელ-ბიარმა გამოიჩინა.

დარჩენილ დროში მასპინძლები დიდი ძალებით ცდილობდნენ შეტევას და მეოთხე ლელოს დადებას, მაგრამ ურუგვაელებმა თავი კარგად დაიცვეს და ფრანგებს ბონუსქულის აღების შესაძლებლობა არ მისცეს.

ხვალ მსოფლიო თასზე ერთი თამაში გაიმართება – 23:00 საათზე ახალი ზელანდიის ნაკრები ნამიბიას დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.


საფრანგეთი-ურუგვაი 27:12


ლელო: ჰასტოი, მაუკავა ბიელ-ბიარი – ფრეიტასი, ამაია

გარდასახვა: ჟამინე (3) – ეჩევერი

ჯარიმა: ჟამინე (2)