რაგბი | ესპანეთი 2035 წელს მსოფლიო თასის მასპინძლობაზე განაცხადის წარდგენას გეგმავს #1TVSPORT
რაგბი | ესპანეთი 2035 წელს მსოფლიო თასის მასპინძლობაზე განაცხადის წარდგენას გეგმავს #1TVSPORT

2035 წლის რაგბის მსოფლიო თასის მასპინძლობაზე განაცხადის წარდგენას ესპანეთი გეგმავს. გეგმის მიხედვით, ტურნირის ფინალი „კამპ ნოუზე“ გაიმართება, რომელიც რეკონსტრუქციის შემდეგ 105 ათას მაყურებელს დაიტევს – ამის შესახებ ინფორმაცია ინგლისურ მედიაში გამოქვეყნდა.

ესპანეთის რაგბის მმართველებმა შეხვედრა გამართეს World Rugby-ს ხელმძღვანელებთან, სადაც 2035 წლის ტურნირის მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს და, როგორც ირკვევა, World Rugby-ს მხრიდანაც ამან გარკვეული ინტერესი გამოიწვია.

The Guardian-ის მიერ გავრცელებული ცნობებით, ესპანეთის რაგბის კავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებს ლა ლიგასთან, რათა მათი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში მსოფლიო თასის მატჩების ჩასატარებლად საფეხბურთო სტადიონები გამოიყენონ. მსოფლიო თასის ესპანეთში ჩატარების შემთხვევაში, „კამპ ნოუს“ გარდა, მატჩებს „სანტიაგო ბერნაბეუ“, „სან მამესი“ და „ვანდა მეტროპოლიტანო“ მიიღებენ. სხვათა შორის „სან მამესმა“ 2018 წელს რაგბის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალს ერთხელ უკვე უმასპინძლა და ანალოგიური მომავალ წელსაც იგეგმება.

ესპანეთის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, როგორც ჩანს, იტალია იქნება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ 2035 წელს რაგბის მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადის წარდგენას კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი გეგმავენ.