რაგბი | ქართველი ლეგიონერების ლელოები საფრანგეთსა და ინგლისში [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ დივიზიონში (TOP 14) მე-7 ტურის მატჩები გაიმართა.
იოანე იაშაღაშვილისა და მიხეილ ალანიას „ვანმა“ გიორგი ახალაძისა და გიორგი ძმანაშვილის „კლერმონს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 27:26 დაამარცხა.
იოანე იაშაღაშვილი მოედანზე 38-ე წუთზე შევიდა, 66-ე წუთზე კი მიმდინარე სეზონში პირველი ლელო მიითვალა. ამ მატჩში თავი კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა გამოიჩინა – 47-ე წუთზე კლერმონელთაგან ლელო გიორგი ძმანაშვილმა დადო, რომელიც 65-ე წუთზე შეცვალეს.
ბექა გიგაშვილისა და მიხეილ შიოშვილის „ტულონმა“ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, ბექა გორგაძის, ალექსანდრე ყაულაშვილისა და გურამ პაპიძის „პოს“ უმასპინძლა და 41:20 მოუგო.
გიგაშვილი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო, ერთ წუთში კი ლელო მიითვალა.
ინგლისის ჩემპიონატში ლუკა ივანიშვილის „ბრისტოლმა“ ბაჩუკი ჭუმბაძისა და ნიკა აბულაძის „ექსეტერს“ უმასპინძლა და 20:7 დაამარცხა.
ივანიშვილმა 58-ე წუთიდან ითამაშა და მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ლელო დადო.