კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი 2035 წელს რაგბის მსოფლიო თასის მასპინძლობას გეგმავენ #1TVSPORT
კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი 2035 წელს რაგბის მსოფლიო თასის მასპინძლობას გეგმავენ #1TVSPORT

კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი 2035 წლის რაგბის მსოფლიო თასის მასპინძლობას გეგმავენ, – ამის შესახებ აზიის რაგბის კონფედერაციის პრეზიდენტმა ისაუბრა.

ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიო რაგბის, იყოს ღია ტურნირის სამი ქვეყნის ერთობლივი მასპინძლობისადმი. მსოფლიო რაგბის მმართველ ორგანოს ასევე მოუწევს გარკვეული წესების შეცვლა და აღნიშნული სამი ქვეყნის ტურნირზე ავტომატურად დაშვება საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე.

„ჩვენ გვჯერა, რომ შეუძლებელი არაფერია. ვფიქრობ, ეს ყველაფერი 2035 წელს შეიძლება მოხდეს. არ მსურს, სხვა ქვეყნების განაცხადები დავაკნინო, რომლებიც მსოფლიო თასის მასპინძლობით იქნებიან დაინტერესებულნი. სამხრეთ აფრიკა და ევროპის ქვეყნები ტურნირის მიღებით იქნებიან დაინტერესებულნი, მაგრამ მსოფლიო რაგბის ჩართულობით შეჯიბრების ჩვენს რეგიონში ჩატარება რეალურია.

უპირატესობას ტურნირის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებას ვანიჭებ, რადგან ფეხბურთის მაგალითით დამტკიცდა, რომ ეს მუშაობს. 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ კორეამ და იაპონიამ მიიღეს. 2026 წელს მუნდიალს აშშ, მექსიკა და კანადა ერთობლივად უმასპინძლებენ, ხოლო 2030 წელს – ესპანეთი, მაროკო და პორტუგალია. რატომ არ შეიძლება იგივე რაგბიშიც ვიხილოთ?“ – განაცხადა აზიის რაგბის კონფედერაციის პრეზიდენტმა, ქაის ალ დალაიმ.

თუ მსოფლიო რაგბი ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთს მიანიჭებს, ტურნირი, სავარაუდოდ, დეკემბერსა და იანვარში გაიმართება, რადგან წლის სხვა დროს ამ ქვეყნებში ტემპერატურა ძალიან მაღალია.

2035 წლის რაგბის მსოფლიო თასის მასპინძლობასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება მომდევნო ორი წლის მანძილზე დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ 2027 წელს მთავარი სარაგბო ტურნირი ავსტრალიაში ჩატარდება, ხოლო 2031 წელს – ამერიკის შეერთებულ შტატებში.