„რაგბი ჩემფიონშიფი“ მსოფლიო ჩემპიონების გარეშე? - „ქურციკებს“ გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი მისცეს
მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას „რაგბი ჩემფიონშიფთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად სამხრეთული რაგბის მმართველმა ორგანომ „სანზაარ“-მა (SANZAAR) 48 საათი მისცა. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერი“ (Reuters) ავრცელებს.
ტურნირი, რომელშიც ოთხი ქვეყანა – ავსტრალია, ახალი ზელანდია, არგენტინა და სამხრეთ აფრიკა ასპარეზობენ, წელს ავსტრალიაში გაიმართება. მიზეზი, რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემიაა.
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა გასულ უქმეებზე განაცხადა, რომ მათ „რამდენიმე წინაღობის“ გადალახვა სჭირდებათ იმისთვის, რომ „ქურციკების“ ტურნირზე მონაწილეობა დაადასტურონ. გათამაშება 31 ოქტომბერს დაიწყება. მსოფლიო ჩემპიონებს პირველი მატჩი არგენტინელთა წინააღმდეგ, შვიდ ნოემბერს უნდა ჩაეტარებინათ, მაგრამ მათ შესაბამისი პროცედურების დაცვით ავსტრალიაში ჩასვლისთვის განკუთვნილი დრო ეწურებათ.
„სანზაარ“-ის წევრები შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირს დამატებით 48 საათი მიეცემა, რათა დაასრულოს შიდა დისკუსიები. შესაბამისად, გადაიდო სამხრეთ აფრიკელთა გამგზავრება ავსტრალიაში. „სანზაარი“ დამატებით ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით,“ – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
გამგზავრების გადადების შედეგად, დიდი ალბათობით, „ქურციკების“ პირველი მატჩის გამართვის თარიღი შეიცვლება, თუმცა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის 31 ოქტომბერს და შვიდ ნოემბერს დაგეგმილი მატჩები აუცილებლად გაიმართება. სამხრეთ აფრიკის მთავრობამ თვის დასაწყისში გააუქმა რეგულაციები, რომლითაც ქვეყნის მოქალაქეებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას უკრძალავდა, მაგრამ ადგილობრივი რაგბის კავშირი ფრთხილობს და ხელისუფლებისგან დამატებით განმარტებას ელოდება.
მიუხედავად იმისა, რომ „პუმების“ მთავარ მწვრთნელ მარიო ლედესმას და რამდენიმე მორაგბეს კორონავირუსი ჰქონდათ, არგენტინის ნაკრები უკვე სიდნეიში იმყოფება და სრულ იზოლაციაში ვარჯიშობს.