„რაგბი ჩემპიონშიფი“ ახალ ზელანდიაში გაიმართება
„რაგბი ჩემპიონშიფი“ ახალ ზელანდიაში გაიმართება

2020 წლის „რაგბი ჩემპიონშიფის“ მასპინძელი ახალი ზელანდია იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანი მორაგბე და ამჟამად „აუსთრალიანის“ (The Australian) სპორტის მიმომხილველი ვეინ სმიტი ავრცელებს. იგი აცხადებს, რომ „რაგბი ავსტრალია“ აუცილებლად დაუჭერს მხარს ახალ ზელანდიას, როგორც ერთგვარ „ჰაბს“, სადაც წლევანდელი ტურნირი გაიმართება. არსებული ინფორმაციით, ინიციატივას ემხრობიან არგენტინელები და სამხრეთაფრიკელებიც.

არსებული გეგმის მიხედვით, ტურნირი ავსტრალიაში უნდა გამართულიყო, ხოლო არგენტინასა და სამხრეთ აფრიკაში მატჩების გამართვა საერთოდ არ განიხილებოდა, რადგან აღნიშნულს კორონავირუსის პანდემია უშლის ხელს.

ავსტრალიაში „სუპერ რაგბი“ გათამაშება პარასკევს, სამ ივლისს გაგრძელდება. ტურნირის ახალზელანდიური ვერსია – „სუპერ რაგბი აოტეაროა“ 13 ივნისს დაიწყო და სტადიონებზე დასწრება ყველანაირი შეზღუდვის გარეშეა შესაძლებელი. ავსტრალიაში ტრიბუნებზე შეკრებილი მაყურებლების მაქსიმალური რაოდენობა 10 000-ია. შესაბამისად, უპირატესობა ახალ ზელანდიას ენიჭება.

სავარაუდოდ, მატჩები ოქლენდში, ქრაისთჩერჩში, დანედინში, ჰამილტონში და ველინგტონში გაიმართება.