„ოლ ბლექსმა“ (All Blacks) „ბლედისლოეს თასი“ სარეკორდო სხვაობით მოიგო [ვიდეო]

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებმა წლის პირველი ტიტული – „ბლედისლოეს თასი“ (Bledisloe Cup) მოიგო, რომელიც ტრადიციულად „ოლ ბლექსსა“ (All Blacks) და ავსტრალიას შორის, ყოველწლიურად თამაშდება. თასისთვის გამართულ დასკვნითი შეხვედრა სიდნეიში, „ეი-ენ-ზი სთედიუმზე“ (ANZ Stadium) გაიმართა და სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 43:5 დასრულდა.

თამაში, რომელშიც სარეკორდო სხვაობა დაფიქსირდა (38 ქულა), წლევანდელი „სამი ერის“ პირველი მატჩიც იყო და შესაბამისად, ახალი ზელანდიის ნაკრებმა ბონუსით მოგებისთვის სატურნირო ცხრილში ხუთი ქულა ჩაიწერა. საინტერესოა ისიც, რომ 2003 წლიდან ახალი ზელანდია „ბლედისლოს“ ზედიზედ 18 სეზონია არ თმობს.

პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები ანგარიშით 26:0 იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმის პირველ ოც წუთში „ოლ ბლექსი“ აშკარად მოეშვა და ავსტრალიელთა მგეზავმა ნოა ლოლესიომ ერთი ლელო გაქვითა. ახალი ზელანდია მალევე გამოცოცხლდა, დასკვნით მეოთხედში კიდევ ორი ლელო დადო და დიდი სხვაობით მოიგო.

ავსტრალიელებს რამდენიმე ლიდერი აკლდათ და შესაძლოა, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ უჩვეულოდ ცუდი შეხვედრა ჩაატარეს. გამორჩეული მატჩი ჰქონდა ახალ ზელანდიელთა მგეზავ რიჩი მო’უნგას, რომელმაც ორი ლელო და 23 ქულა მიითვალა.

ავსტრალია – 5
ლელონოა ლოლესიო;
ახალი ზელანდია – 43
ლელო – კარლ ტუ’ინუკუაფე, რიჩი მო’უნგა – 2, დეინ ქოულზი, რიეკო იოანე, ჯორდი ბარეტი; გარდასახვა – რიჩი მო’უნგა – 5; ჯარიმა – რიჩი მო’უნგა;
დატოვე კომენტარი