ახალმა ზელანდიამ ავსტრალია დამაჯერებლად დაამარცხა და „ბლედისლოს თასს“ მიუახლოვდა [ვიდეო]

სტუმრად ფრედ (16:16) დასრულებული დრამატული ტესტ-მატჩის შემდეგ ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრები „ვოლაბებს“ შინ, ოკლენდში, „იდენ პარკზე“ დაუხვდა და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 27:7 დაამარცხა. „ბლედისლოს თასისთვის“ (Bledisloe Cup) გამართული მატჩის ბედი მეორე ნახევრის პირველ 15 წუთში გადაწყდა.

დაპირისპირება მასპინძლების უპირატესობით დაიწყო. პირველი ქულები საჯარიმო დარტყმით რიჩი მოუნგამ მოიპოვა, რასაც მალევე აარონ სმიტის ლელო და ახალ ზელანდიელთა მგეზავის გარდასახვა მოჰყვა – 10:0. „ოზები“ მატჩში 30-ე წუთზე, მარიკა კოროიმბეტეს ლელოთი დაბრუნდენ და პირველი ტაიმი მხოლოდ სამქულიანი სხვაობით დათმეს.

ყველაფერი მეორე ნახევრის სტარტზევე გადაწყდა – 42-ე წუთზე ლელო ჯორდი ბარეტმა მიითვალა და ახალი ზელანდია კომფორტული, რვაქულიანი უპირატესობით დააწინაურა. სტუმრებმა დროული გადაწყობა ვერ მოახერხეს და 45-ე წუთზე მათი დაცვის ხაზი ახალგაზრდა გარემარბმა, ქეილებ კლარკმა გაარღვია, რომელიც ოკლენდური „ბლუზის“ ღირსებას იცავს, ნაკრების ძირითად შემადგენლობაში პირველად თამაშობდა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მისი იერიში არდი სავეას ლელოთი დასრულდა – 20:7. მატჩის ბოლო ლელო 53-ე წუთზე სეიმ ქეინმა დადო. „ვოლაბები“ ბოლო 20 წუთში დაცვაში უკეთ თამაშობდნენ და ქულა აღარ გაუშვიათ, მაგრამ თავადაც არ ჰქონიათ შედეგიანი იერიში და მეორე ნახევარში უქულოდ დარჩნენ.

ეს წელს ტრადიციული „ბლედისლოს თასისთვის“ გამართული პირველი მატჩი გახლდათ. დანარჩენ ორს ისტორიული მეტოქეები „რაგბი ჩემფიონშიფის“ ფარგლებში ითამაშებენ, რომელიც შვიდ ნოემბერს სწორედ ავსტრალიელთა და ახალ ზელანდიელთა შეხვედრით გაიხსნება.

ტრადიციული „ბლედისლოს თასი“ ერთ-ერთი უძველესი სარაგბო ჯილდოა, რომელიც „შავებსა“ და „ვოლაბებს“ შორის 1930-იანი წლებიდან თამაშდება. ტურნირის გამართვის სიხშირე და მატჩების რაოდენობა იცვლებოდა, თუმცა ამჟამად ყოველწლიურ სამ შეხვედრას მოიცავს (გამონაკლისია მსოფლიო თასის წელი, როდესაც გუნდები ერთმანეთს ორჯერ ხვდებიან). ახალ ზელანდიას თასი 47-ჯერ აქვს მოგებული, ავსტრალიას კი მხოლოდ 12-ჯერ.