ოფიციალურად - „ქურციკები“ „რაგბი ჩემფიონშიფს“ (Rugby Championship) გამოაკლდნენ
ოფიციალურად - „ქურციკები“ „რაგბი ჩემფიონშიფს“ (Rugby Championship) გამოაკლდნენ

სამხრეთული რაგბის მმართველმა ორგანო „სანზაარმა“ (SANZAAR) რამდენიმე საათის წინ გამოაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკელ მორაგბეთა ნაკრები ავსტრალიაში არ გაემგზავრება და შესაბამისად, ვერ მიიღებს მონაწილეობას წლევანდელ „რაგბი ჩემფიონშიფში“ (Rugby Championship), სადაც „ქურციკებთან“ ერთად ახალი ზელანდიის, ავსტრალიის და არგენტინის ნაკრებებს უნდა ეთამაშათ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი აქვს – სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები მგზავრობაზე, მოთამაშეთა კეთილდღეობა და უსაფრთხოების პრობლემები, რადგან სამხრეთ აფრიკელ მორაგბეთა მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა ევროპულ კლუბში თამაშობს და მათი ერთ სივრცეში შეკრება მომატებულ საფრთხეს შეიცავს. შედეგად, „სანზაარი“ უბრუნდება ტრადიციულ „სამი ერის“ პრინციპს, სადაც გუნდები ერთმანეთს ორ-ორჯერ დაუპირისპირდებიან. შეხვედრები ავსტრალიურ ქალაქებში – სიდნეიში, ბრისბენში და ნიუქასლში გაიმართება.

„სანზაარის“ დირექტორის, ენდი მარინოსის განცხადებით, გულდასაყვეტია, რომ მსოფლიო ჩემპიონები ტურნირს გამოაკლდნენ:

„კორონავირუსი კვლავ გვაზიანებს. ბუნებრივია, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ იმ ფაქტით, რომ „ქურციკები“ ტურნირზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ. „სანზაარი“ ხედავს იმ გამოწვევებს, რომლებიც ეროვნულ სარაგბო კავშირებს ამ რთულ პერიოდში აქვთ და რა თქმა უნდა, ბოლომდე ითვალისწინებს მათ პრობლემებს. მინდა მადლობა ვუთხრა ავსტრალიურ რაგბის კავშირს მასპინძლობისთვის. ტურნირი „სამი ერის“ ფორმატით გაიმართება.“

კომენტარი სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ჯური რუმაც გააკეთა:

„სანზაარი“ და ავსტრალიის რაგბის კავშირი ბევრს მუშაობდნენ იმისთვის, რომ „რაგბი ჩემფიონშიფი“ სრულად და დროულად გამართულიყო, ამიტომ ტურნირის კიდევ გადადების მოთხოვნა ჩვენი მხრიდან უსამართლო იქნებოდა. გულდასაწყვეტი შედეგია, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი მოთამაშეთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობაა. ლოჯისტიკურ პრობლემებზე აღარაფერს ვიტყვი.“

გათამაშების პირველ ორ მატჩში ერთმანეთს ავსტრალია და ახალი ზელანდია შეხვდებიან, სადაც სატურნირო ქულების გარდა ტრადიციული „ბლედისლოუს თასისთვისაც“ ითამაშებენ.