რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ იაპონელმა მილიარდერმა მთვარეზე წაგიყვანოთ — #1tvმეცნიერება
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ იაპონელმა მილიარდერმა მთვარეზე წაგიყვანოთ — #1tvმეცნიერება

იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეძავა საზოგადოებას SpaceX-ის სტარშიფით მთვარეზე კერძო მისიაში ეპატიჟება. ორი წლის წინ მაეძავა აცხადებდა, რომ მთვარეზე ის მხოლოდ ხელოვანთა ჯგუფს წაიყვანდა; ამჯერად, მას მეგზურად უფრო ფართო, მრავალფეროვანი ჯგუფი სურს. მისია 2023 წლისთვის არის დაგეგმილი, მაგრამ შეიძლება ეს თარიღი შეიცვალოს.

„მსურს შემომიერთდეს ყველა სახის წარსულის მქონე ხალხი. სულ 10-12 ადამიანი იქნება, მაგრამ ტურნეში მე მხოლოდ 8 კაცს ვეპატიჟები“, — აღნიშნავს მაეძავა ვიდეოპოსტში, რომელშიც საკონკურსო აპლიკაციის ფორმა ოფიციალურად გაასაჯაროვა.

მაეძავა იაპონიაში მოდის ონლაინ საცალო გაყიდვების უდიდესი პლატფორმის დამფუძნებელია. მისი ქონება დაახლოებით ორ მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. სტარშიფის პირველი ოფიციალური მგზავრი ის 2018 წელს გახდა, როდესაც ხელშეკრულებას SpaceX-ის სათავო ოფისში ილონ მასკათან ერთად მოაწერა. მაეძავამ, რომელიც ხელოვნების ცნობილი კოლექციონერია, ღონისძიებაზე დააანონსა პროექტი Dear Moon Project, რომლის მიზანიც იყო, რომ 2023 წელს მთვარეზე გადაფრენის ექვსდღიან მისიაში მასთან ერთად წასულიყო 6-8 ხელოვანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„ამ ხელოვანებმა დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ რაღაც უნდა შექმნან; ეს შედევრები ჩვენთან ერთად შთააგონებს ყველა მეოცნებეს“, — ამბობდა მაეძავა.

რამდენიმე დღის წინ იუთუბზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მაეძავა ამბობს, რომ ეს გეგმა მას შემდეგ შეიცვალა და იქვე დასძენს, რომ ყოველი ადამიანი რაღაც ისეთ კრეატიულს აკეთებს, რის გამოც მას შეიძლება ხელოვანი ეწოდოს.

შედეგად, მასთან ერთად მთვარეზე მოხვედრა შეუძლია ნებისმიერს, ვინც ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: „შეუძლებელი შეძლოს სხვა ადამიანებისა და უფრო დიდი საზოგადოების რაიმე გზით დახმარებისთვის“, და „სურთ, რომ დაეხმარონ ასეთივე შთაგონების მქონე ეკიპაჟის სხვა წევრებს“.

ორი წლის განმავლობაში, ამ პროექტმა მრავალი ცვლილება განიცადა. 2020 წლის იანვარში მაეძავამ უცნაური კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ის მთვარის ტურნესთვის ქალ პარტნიორს ეძებდა. კონკურსისთვის გახსნილ ვებგვერდზე 27 722 განაცხადი შევიდა; იაპონურმა ტელეკომპანია AbemaTV-მ ამ მისიისთვის რეალიტი-შოუ Full Moon Lovers დაიწყო. თუმცა, ერთი კვირის შემდეგ შოუ გაუქმდა და მაეძავამ მეწყვილეს ძებნა „პერსონალურ მიზეზთა“ გამო შეაჩერა და ყველა აპლიკანტს მოუბოდიშა.

სტარშიფი SpaceX-ის უახლესი თაობის, მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის სისტემაა, რომელიც მარსის მისიისთვის შეიქმნა და მისი მიზანია, სამომავლო მისიებში ადამიანები და 100 ტონამდე ტვირთის ღრმა კოსმოსში გაიყვანოს. თუმცა, რაკეტის ტესტირებები ჯერჯერობით წარუმატებელია. 3 მარტს, ბოლო ცდისას, რაკეტა 10 კმ სიმაღლეზე ავიდა, უკან დაბრუნდა, მიწაზე განთავსებულ პლატფორმაზეც დაჯდა, მაგრამ რამდენიმე წუთში აფეთქდა.

მაეძავას ახალი განცხადება ბუნდოვანია. არაფერი ვიცით, როგორ მოხდება მისიისთვის შერჩეულ ასტრონავტთა გაწვრთნა; ერთი რამ, რასაც ის გარკვევით აღნიშნავს, არის ის, რომ ბილეთის ფასს მთლიანად თვითონ იხდის.

„მთელი ტურნეს საფასურს მე გადავიხდი. ყველა ადგილი უკვე ნაყიდი მაქვს და შესაბამისად, ეს კერძო ტურნე იქნება“, — ამბობს მაეძავა და იქვე აღნიშნავს, რომ მთვარემდე ჩასვლას სამი დღე დასჭირდება, დედამიწის თანამგზავრს რაკეტა შემოუვლის და შემდეგ უკან გამოეშურება, რაც ასევე სამ დღეს წაიღებს.

ილონ მასკის განცხადებით, სტარშიფის პირველი ორბიტული ფრენა 2021 წლის ბოლოს შედგება. მისივე თქმით, რაკეტამ ჯერ ორბიტაზე თანამგზავრების გატანის ასობით მისია უნდა განახორციელოს, ვიდრე მის ბორტზე ადამიანებს ჩავსვამთ. ასეთ თარიღად კი ის 2023 წელს ვარაუდობს.

SpaceX-ის კიდევ ერთი საეკიპაჟო ხომალდი, სახელად Crew Dragon-ი უკვე მოქმედ ფაზაშია და სამომავლო კერძო ასტრონავტთა და ტურისტული ფრენებისთვის ემზადება. შარშან ამ კაფსულამ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აიყვანა და ჩამოიყვანა NASA-ს ასტრონავტები.

მომზადებულია The Verge-ის მიხედვით.