ინდოეთში ნიპაჰის ვირუსის აფეთქებამ აზიის ბევრი ქვეყანა განგაშის მაღალ ნიშნულამდე მიიყვანა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ადამიანებში 40-დან 75 პროცენტამდეა.
ტაილანდმა, მალაიზიამ და სინგაპურმა სკრინინგისა და ტესტირების ახალი ზომები შემოიღო მას შემდეგ, რაც ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში ნიპაჰის ვირუსით სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.
რა არის ნიპაჰის ვირუსი და რამდენად გვაქვს შეშფოთების საფუძველი?
რა არის ნიპაჰის ვირუსი
ჰენდრას ვირუსის მსგავსად, ნიპაჰი ჰენიპავირუსების კატეგორიის ვირუსია. ის ზოონოზურია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია გავრცელდეს ცხოველიდან ადამიანზე.
ნიპაჰის ვირუსის აფეთქებები აზიაში დროდადრო ხდება. პირველი აფეთქება მალაიზიაში მოხდა 1998 წელს.
არსებობს გადადების ორი მთავარი გზა.
პირველია ღამურებთან კონტაქტი, განსაკუთრებით კი მათ ნერწყვთან, შარდთან, ფეკალიებთან ან უშუალოდ ინფიცირებულ ღამურასთან კონტაქტი. ინფექცია შეიძლება გავრცელდეს სხვა ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტის გზითაც — 1998 წელს, მალაიზიაში, ვირუსი ღორებისგან გავრცელდა.
მისი გადადების მეორე გზაა დაბინძურებული საკვები, განსაკუთრებით კი ფინიკის პალმის პროდუქტები. იგულისხმება ფინიკის პალმის ისეთი წვენის ან წვნიანის მოხმარება, რომელიც ინფიცირებული ღამურების სხეულის სითხეებით არის დაბინძურებული.
მესამეა ადამიანიდან ადამიანზე გადადება. ნიპაჰის ადამიანებს შორის გადაცემის შემთხვევები დაფიქსირდა ახლო კონტაქტის გზით, მაგალითად, ავადმყოფი ადამიანის მოვლის დროს.
მაგალითად, ეს შეიძლება ნიშნავდეს ვირუსით დაბინძურებული სხეულის სეკრეტებით ინფიცირებას ოჯახებში ან საავადმყოფოებში. ეს ვარიანტი ნაკლებად გავრცელებულად მიიჩნევა, ვიდრე გადადების სხვა გზები.
სიმპტომები
ნიპაჰის ვირუსით ინფიცირება სწრაფად ხდება. ინფიცირებიდან სიმპტომების გამოჩენა ოთხი დღიდან სამ კვირამდე დროში ხდება.
საშინელი დაავადებაა. ნიპაჰის ვირუსის მძიმე ფორმით ინფიცირებული ადამიანების დაახლოებით ნახევარი იღუპება.
სიმპტომები ცვალებადია სიმძიმის მიხედვით. შეუძლია გამოიწვიოს პნევნომია, ზუსტად, ისე, როგორც კოვიდი იწვევს.
თუმცა, ყველაზე შემაშფოთებელი დაავადებაა ნევროლოგიური სიმპტომები; ნიპაჰს შეუძლია გამოიწვიოს ენცეფალიტი, რაც წარმოადგენს თავის ტვინის ანთებას.
სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასე მაღალი სწორედ ტვინზე ეფექტების გამოა.
სიმპტომები შეიძლება იყოს:
- ცხელება
- კრუნჩხვები
- სუნთქვის გაძნელება
- გონების დაკარგვა
- თავის ძლიერი ტკივილი
- კიდურის გამოძრავების შეუძლებლობა
- მკვეთრი მოძრაობები
- პიროვნების ცვლილებები, როგორიცაა უეცარი უცნაური ქცევა ან ფსიქოზი.
როგორც წესი, ნიპაჰის მწვავე ფაზას გადარჩენილ ზოგიერთ პაციენტს ენცეფალიტი შეიძლება მრავალი წლის შემდეგაც განუვითარდეს, ათი წლის შემდეგაც კი.
არსებობს თუ არა პრეპარატები ან ვაქცინები
ჯერ არა, მაგრამ ავსტრალიაში მიმდინარეობს მუშაობა პრეპარატზე, სახელად m102.4.
2020 წელს გამოქვეყნდა ამ პრეპარატის კლინიკური ცდების პირველი ფაზის შედეგები. კვლევაში მეცნიერებმა ის ჯანმრთელ ადამიანებს მისცეს, რათა ენახათ, როგორ მოქმედებს და აქვს თუ არა რაიმე გვერდითი ეფექტები.
ცდამ დაადგინა, რომ პრეპარატის ერთი დოზა პაციენტებმა კარგად აიტანეს.
ჯერ კიდევ დიდი გზაა, ვიდრე ეს პრეპარატი ადამიანთათვის ხელმისაწვდომი გახდება,მაგრამ იმედი ნამდვილად არსებობს.
ამჟამად არ არსებობს ნიპაჰის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. თეორიულად, m102.4 შეიძლება პრევენციული იყოს, მაგრამ ამის თქმა ჯერ ძალიან ადრეა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მისი, როგორც პრეპარატის ცდები.
რამდენად სანერვიულოა?
ინდოეთში ნიპაჰის აფეთქება შემაშფოთებელი ნამდვილად არის, რადგან ამ ეტაპზე არ არსებობს არც პრევენციული და არც სამკურნალო მედიკამენტი, დაავადება კი მწვავეა. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი დაავადებაა, არ არის მოსალოდნელი, რომ ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის იმავე მასშტაბის პრობლემა გახდეს, როგორც COVID-19 იყო.
იმიტომ, რომ ის ადამიანიდან ადამიანზე ეფექტიანად არ გადადის და გადადების ძირითად გზას წარმოადგენს საკვები და ინფიცირებული ცხოველები.
საერთო ჯამში, ყველაფერი კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მუდმივად გვესმის ახალი ვირუსებისა და ინციდენტების შესახებ. გავრცელების ქვეყნებში ნიპაჰი ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ქვეყნებს გარეთ, უბრალოდ შეგვიძლია დავაკვირდეთ და ვიყოთ ყურადღებით.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.




