ქვიშის ჭიდაობაში 2021 წლის სეზონი საქართველოს ნაკრების წევრებმა ტრიუმფით დაასრულეს #1TVSPORT
ოთხი ეტაპისაგან შემდგარი შეჯიბრების შემდეგ წონითი კატეგორიების მიხედვით მსოფლიო ჩემპიონები ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ.), დავით მარსაგიშვილი (90 კგ.) და მამუკა კორძაია (+90 კგ.), გახდნენ, ხოლო დავით ხუციშვილი (80 კგ.) მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.
სეზონის დასკვნითი, მეოთხე ეტაპის ტურნირს რუმინეთის ქალაქმა კონსტანცამ უმასპინძლა და მედლები ტრადიციულად ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა. ამჯერად, ოქრო ქელეხსაშვილმა მოიგო, (ფინალში თურქ ჩოსკუნს 2:0 სძლია), ხუციშვილი, მარსაგიშვილი და კორძაია კი გადამწყვეტ შეხვედრებში დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრები კონსტანცაში გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.
მსოფლიო ჩემპიონატის სერია 16-17 ივლისს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დაიწყო, სადაც საქართველოს ნაკრების წევრები ოთხივე წონით კატეგორიაში ჩემპიონები გახდნენ. მეორე ეტაპის შეჯიბრი 3-4 სექტემბერს რომში ჩატარდა და იქ ქელახსაშვილმა, ხუციშვილმა და კორძაიამ ვერცხლის მედლები მოიგეს. 10-11 სექტემბერს საბერძნეთის კურორტ კატერინიში ქელეხსაშვილმა ჩემპიონობა იზეიმა, კორძაია მეორე ხოლო ხუციშვილი მესამე ადგილზე გავიდა.
საბოლოოდ ოთხი შეჯიბრის ჯამში ქელეხსაშვილმა 58, კორძაიამ 50, ხუციშვილმა – 48.5 ხოლო მარსაგიშვილმა – 44.5 ქულა მოაგროვეს.