ქუთაისში ინტენსიური თოვის გამო, გზებზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა
ქუთაისში ინტენსიური თოვის გამო, გზებზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა

ქუთაისში მთელი ღამის განმავლობაში თოვდა, რის გამოც გზებზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.

ქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკით გზების გაწმენდა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ ეტაპზე კი, გაწმენდითი სამუშაოები ჭომის დასახლებაში მიმდინარეობს.

ამასთან, ქალაქში პრობლემებია  ბუნებრივი აირით ელექტრომომარაგების საკითხთან დაკავშირებით. კომპანია „ენერგოპრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს 10:00 საათისთვის ქუთაისში აბონენტების დაახლოებით 2 პროცენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. აღდგენითი სამუშაოები კი, დაზიანების ყველა ადგილზე მიმდინარეობს. რაც შეეხება გაზმომარაგებას, ქუთაისში ბუნებრივი აირის მიწოდება 10 ათას აბონენტს აქვს შეწყვეტილი.

12 თებერვალს „სოკარ გაზის“ გაზგამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო, ქუთაისის თითქმის 60 პროცენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ამის ფონზე ქალაქში ერთ დღეში დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. ამასთან, გაზმომარაგებაში შექმნილი პრობლემების გამო, გუშინ ქუთაისის 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ერთი დღით შეჩერდა, დღეს კი, განახლდა. აბონენტების ნაწილს გაზის მიწოდება უკვე აღუდგა.