ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი ზრდის გამო, ქუთაისში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს
ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი ზრდის გამო, ქუთაისში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ბუნებრივი გაზის მიწოდების მხრივ შექმნილი პრობლემების შემდეგ, ქუთაისში ელექტროენერგიის მოხმარება, ერთ დღეში დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა.

როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, ტექნიკური სამსახური ქუთაისში საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, თუმცა, ამ დრომდე ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბური წყვეტა ან ავარია არ ყოფილა, მოხმარების მყისიერმა ზრდამ მხოლოდ ლოკალურად, ინდივიდუალური ტექნიკური პრობლემები გამოიწვია. ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში იმუშავებს, სანამ ქუთაისში ყველა აბონენტს სტაბილურად არ მიეწოდება ელექტროენერგია.

რაც შეეხება იმერეთს, ძირითადად, ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ პრობლემები მაღალმთიან სოფლებშია, თუმცა რეგიონში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

„სოკარ გაზის“ გაზგამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო, ქუთაისის თითქმის 60 პროცენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ნაწილს გაზმომარაგება გუშინ აღუდგა. დარჩენილი სამუშაოები, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება. გაზმომარაგების შეწყვეტის გამო, დღეს ქუთაისის 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ერთი დღით შეჩერდა.