ქეთი თევზაძე ეკა კვესიტაძესა და შოთა უტიაშვილს მიმართავს - ადამიანისგან, რომელიც თვლის, რომ აგვისტოს ომისგან ქვეყანამ ამოისუნთქა, რა უნდა გამიკვირდეს
ქეთი თევზაძე ეკა კვესიტაძესა და შოთა უტიაშვილს მიმართავს - ადამიანისგან, რომელიც თვლის, რომ აგვისტოს ომისგან ქვეყანამ ამოისუნთქა, რა უნდა გამიკვირდეს

ადამიანისგან, რომელიც თვლის, რომ აგვისტოს ომისგან ქვეყანამ ამოისუნთქა, რა უნდა გამიკვირდეს, – ასე მიმართავს საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსი ქეთი თევზაძე ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესა და მის მეუღლეს, შსს-ს ყოფილ ჩინოსან შოთა უტიაშვილს სოციალურ ქსელში.

„შოთა და ეკაც… ჯგუფელები ვიყავით, ამიტომ ბატონობით ვერ მოგმართავთ, უკაცრავად. ცუდია, ძალიან ცუდია ორივეს საქციელი. შეურაცხყოფას აყენებთ ადამიანებს, ვის შრომაზეც წარმოდგენა არ გაქვთ, არც კი იცნობთ, ვისზე საუბრობთ და მე მგონია, რომ ამ ადამიანებს სულ ცოტა მადლობა უნდა უთხრათ, მაგრამ ადამიანისგან, რომელიც თვლის, რომ აგვისტოს ომით ქვეყანამ ამოისუნთქა, რა უნდა გამიკვირდეს???? ამოისუნთქეთ ალბათ თქვენ, თორემ იქ დაღუპულ ჯარისკაცებს, დევნილ ადამიანებს და დაკარგულ კოდორს ეგ ფუფუნება ვერ ეღირსა. ვერ ამოვისუნთქეთ ვერც იქ წასულმა მოხალისეებმა და ვერც იმ ბავშვებმა, რომლებიც დაობლდნენ… ვერ ამოისუნთქეს შვილმკვდარმა დედებმა და საერთოდ ვერავინ, ვერავინ ვერ ამოისუნთქა. შეწუხდით???? უკაცრავად, რომ ხმის უფლება გვაქვს… და სხვა დროს, ომი თუ იქნება, ადექით და თქვენი შვილები გაუშვით, რომ ამოისუნთქონ… და ისე, ცნობისთვის, მეც პირველარხელი ვარ!!!!!!“ – წერს ქეთი თევზაძე „ფეისბუქში“.

შოთა უტიაშვილმა გამოაქვეყნა ფეისბუქსტატუსი, რომელშიც აღნიშნა, რომ „აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა“. აღნიშნული განცხადების გასაპროტესტებლად, მის სახლთან აქცია გაიმართა. შოთა უტიაშვილმა აქციასთან დაკავშირებით კომენტარის მიცემისას პირველი არხის ჟურნალისტს უთხრა: „ტროლები ხელისუფლებამ, მათ შორის თქვენმა ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა“. უტიაშვილის ამ განცხადებაზე კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძეს, რომელმაც განაცხადა: „სიცხე გაიზომოს უტიაშვილმა დიდი თერმომეტრით. ეს სუბიექტი ცხოვრებაში ერთხელ მყავს ნანახი არცთუ სახარბიელო კონტექსტში და, სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ არც გამხსენებია“.