შოთა უტიაშვილის საცხოვრებელ სახლთან აქცია მიმდინარეობს
შოთა უტიაშვილის საცხოვრებელ სახლთან აქცია მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, შოთა უტიაშვილის საცხოვრებელ სახლთან აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები  შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, მან ომის დადებითი მხარე აღნიშნა, რითიც დაღუპულ მეომრებს და ომისგან დაზარალებულებს შეურაცხყოფა მიაყენა. ახალგაზრდები უტიაშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

„ჩვენ ვართ გორელი ახალგაზრდები. აქ ჩამოვედით პროტესტის გამოსახატად შოთა უტიაშვილის განცხადების გამო. მან თქვა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ჰქონდა თავისი პლუსები და მინუსები. გამოვიდეს და აგვიხსნას, რა პლუსები ჰქონდა და რატომ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლისთვის შვება ის ომი, რომელშიც დაიღუპნენ ჩვენი მეომრები, ჩვენი გმირები და უბრალო მოქალაქეები, დავკარგეთ 130 სოფელი, კოდორის ხეობა და მოყვა ამდენი ცუდი რამ. რატომ იყო მისთვის ეს შვება, გამოვიდეს და აგვიხსნას, მოიხადოს ბოდიში“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნიკა ბერძენიშვილმა.

შოთა უტიაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს: „აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა”.