ქეთევან ციხელაშვილი - ევროსაბჭოს გენმდივნის ანგარიში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო წყაროა აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული მდგომარეობის შესახებ
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო საერთაშორისო დისკურსში იმის თაობაზე, თუ რა მდგომარეობაა, მათ შორის ადამიანის უფლებების უსაფრთხოების თვალსაზრისით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ევროსაბჭო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველა პარტნიორის მხარდაჭერას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა. ევროსაბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსთვის. ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრი და პერიოდულად გამოდის გენერალური მდივნის ანგარიში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო საერთაშორისო დისკურსში იმის თაობაზე, თუ რა მდგომარეობაა, მათ შორის ადამიანის უფლებების უსაფრთხოების თვალსაზრისით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროსაბჭო წლებია ახორციელებს ნდობის მშენებლობისა და დიალოგისკენ მიმართულ ბევრ პროექტს, რომლებსაც ძალიან პოზიტიური შედეგები აქვს.
„უნდა ვთქვა, რომ ეს პროექტები და ევროსაბჭოს მხრიდან ჩართულობა აუცილებლად გაგრძელდება და ცხადია, განხილვები, მათ შორის ახალი სამშვიდობო ინიციატივის, ამას შეუწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხარდაჭერა იქნება მყარი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1314-ე სხდომაზე დღეს განიხილება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის მე-17 კონსოლიდირებული ანგარიში – „კონფლიქტი საქართველოში“. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით. ანგარიშის განხილვას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი დაესწრება.