ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ ლიდერობის განმტკიცების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა – თემურ ქეცბაიას გუნდი კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურში „დოხას“ ესტუმრა და მოულოდნელად, ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს. ფამაგუსტელთა ძირითადში დაიწყო თამაში გიორგი ქვილითაიამ, რომელიც 24-ე წუთზე დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა. რამდენად სერიოზულია ქართველი თავდამსხმელის ტრავმა, ჯერ უცნობია. თორნიკე ოქრიაშვილი კი განაცხადშიც არ იყო, რადგან ჯერ კიდევ მკურნალობს.
გუნდის დამარცხებით „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იმედგაცრუებული დარჩა.
„თამაში პირველ ტაიმში წავაგეთ. ვითარების გამოსწორებას მეორე ტაიმში ვცდილობდით, შესაძლებლობებიც გვქონდა და ამ თამაშით წაგება არ დაგვიმსახურებია. მეტოქეს ორი შესაძლებლობა ჰქონდა და ორი გოლი გაიტანა, ჩვენ კი ბევრად მეტი შანსით ვერ ვისარგებლეთ“, – განაცხადა ქეცბაიამ.
13 ტურის შემდეგ ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 26 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაქვეითდა. გუნდის წაგებით კონკურენტმა ლიმასოლის აეკ-მა ისარგებლა, ახნას „ეთნიკოსი“ 5:0 დაამარცხა და 27 ქულით გალიდერდა.