კვიპროსული რადიო „სპორტ ფმ“-ის ცნობით, ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ ვარჯიშები შეაჩერა და მოთამაშეები დაითხოვა.
„ფამაგუსტას გუნდის ვარჯიშები დასრულებულია. პარასკევს, როდესაც ჩემპიონატის საბოლოო შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს, „ანორთოსისმა“ ფეხბურთელებს განუცხადა, რომ მომდევნო დღეებში ვარჯიშები აღარ გაიმართება“, – იუწყება „რადიო ფმ“-ის ვებგვერდი.
რადიოს ცნობით, ყველაზე მეტად ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი ქართველები დარჩნენ: „ცნობილია, რომ თემურ ქეცბაიას სეზონის გაგრძელება სურდა. მისი მოთამაშეები, მაგალითად, ქართველები, მოვლენების ამგვარი განვითარებით იმედგაცრუებულნი არიან, მაგრამ ახლა მაქსიმალურად დასვენებას შეძლებენ“.
„რადიო ფმ“-ის ცნობით, მალე მნიშვნელოვანი ფინანსური ამბავიც გაირკვევა: „მომდევნო ორშაბათს დაგეგმილია შეხვედრა, სადაც მოთამაშეებისა და ხელმძღვანელობის მოლაპარაკება იგეგმება – თემა ამ სეზონის სახელფასო თანხის დარიცხვა იქნება“.
კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონატი 15 მაისს შეწყვიტა და ჩემპიონად პირველადგილოსანი „ომონია“ გამოაცხადა, ხოლო „ანორთოსისი“ ევროპის ლიგაზე ითამაშებს. გადაწყვეტილებას მხოლოდ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი, ფამაგუსტას „ანორთოსისი“ და კვიპროსის ფეხბურთელთა გაერთიანება ეწინააღმდეგებიან.
23 ტურის შემდეგ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ და მისმა კონკურენტმა ნიქოზიას „ომონიამ“ 46-46 ქულა დააგროვეს. თემურ ქეცბაიას გუნდი მეტოქეს 21-ე ტურამდე ასწრებდა, „ომონია“ მხოლოდ ამის შემდეგ გაუთანაბრდა და მართალია, ქულებით ვერ გაასწრო, მაგრამ პირველ ადგილზე ურთიერთშეხვედრებში უკეთესი ბალანსის წყალობით გავიდა.