ქართველმა მწვრთნელებმა უეფა-ს ექსპერტებთან ევრო 2020 განიხილეს - საქართველოში Pro-ლიცენზიის კურსი ტარდება #1TVSPORT
ქართველმა მწვრთნელებმა უეფა-ს ექსპერტებთან ევრო 2020 განიხილეს - საქართველოში Pro-ლიცენზიის კურსი ტარდება #1TVSPORT

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

კურსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. Pro-ლიცენზია მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურია. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, საფეხბურთო სპეციალისტებს უმაღლესი კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ და ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლიათ იმუშაონ.

მეოთხე მოდულის ძირითადი განსახილველი თემები გახლდათ ლიდერობა, მომავალი თაობის მოთამაშე და უმაღლეს დონეზე მწვრთნელის პროფილი. ამავე დროს, ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა უეფა-ს ექსპერტებთან ერთად ევრო 2020 განიხილეს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოდან Pro-ლიცენზიის სასწავლო პროცესში კრის ვან დერ ჰაგენი და დენი რაიზერი მონაწილეობნენ.

სწავლება ორწლიან პერიოდზეა გადანაწილებული და მოიცავს პრაქტიკულ და თეორიულ სამუშაოებს, საგანმანათლებლო ვიზიტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელები უახლეს ინფორმაციებს ქართველი და უცხოელი ინსტრუქტორებისგან იღებენ.

საგანმანათლებლო პროგრამის ჩატარების უფლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სამი წლის წინ მოიპოვა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, უკვე მესამედ იმართება. ამით ქართველ მწვრთნელებს სერიოზული ფინანსური ხარჯები მოეხსნათ, რადგან Pro-ლიცენზიის მოსაპოვებლად უცხოეთში გამგზავრების, დაბინავების და ცხოვრებისთვის სოლიდური ხარჯები სჭირდებოდათ, რაც ბევრ მსურველს არ გააჩნდა. უეფა-ს მწვრთნელთა განათლების Pro-ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 16 მონაწილე ირიცხება.

დატოვე კომენტარი