ხმლით ფარიკაობაში სეზონის პირველმა მსოფლიო თასის გათამაშებამ დღეს ალჟირში აიღო სტარტი. ასპარეზობაში საქართველოს ოთხი წარმომადგენელი ჩაება: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი და ვაჟა რეჭია. ჯგუფურ ეტაპზე სანდრო ბაზაძემ 5 შეხვედრა მოიგო და 1 დათმო. მიხელ მარდალეიშვილის ანგარიშზეც 5 მოგება და 1 მარცხია. ვაჟა რეჭიამ 4 ორთაბრძოლაში გაიმარჯვა და 2-ში წააგო. მხოლოდ 2 დაპირისპირებაში მოახერხა წარმატების მიღწევა ბექა ბაზაძემ.
მედლებისათვის ბრძოლას ოთხივე ქართველი აგრძელებს. ჯგუფური ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, სანდრო ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი პირდაპირ 64 საუკეთესოს შორის მოხვდნენ და შეჯიბრს ხვალ განაგრძობენ. ვაჟა რეჭიასა და ბექა ბაზაძეს კი პლეი-ოფში მოუწევთ ამ უფლების მოპოვება.
ალჟირში მიმდინარე ტურნირზე World Cup by Ooredoo მსოფლიოს 161 ხმლით მოფარიკავე იღებს მონაწილეობას.