ქართველების გუნდმა „ფენერბახჩე“ დაამარცხა - ყენია ძირითადში პირველად მოხვდა
ევროპის ლიგაზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ტრნავის „სპარტაკმა“ საკუთარ სტადიონზე თურქული „ფენერბახჩე“ 1:0 დაამარცხა. სლოვაკური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს დავით სხირტლაძემ და ვახტანგ ჭანტურიშვილმა. „სპარტაკს“ ამ მოგებამაც ვერ უშველა – ტრნაველებმა 6 ტურში 7 ქულა დააგროვეს, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და გათამაშებას გამოეთიშნენ.
ლუქსემბურგის „დუდელანჟში“ ლევან ყენიამ ითამაშა. მისი გუნდი შინ ესპანურ „რეალ ბეტისს“ 0:0 დაუზავდა. 28 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეოთხედ ითამაშა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა და მოედანი 71-ე წუთზე დატოვა. „ფ“ ჯგუფში „დუდელანჟი“ ბოლო, მეოთხე ადგილზე გავიდა. საინტერესოა, რომ ლუქსემბურგელებთან ერთად, ჯგუფში იტალიური გრანდი, „მილანიც“ ჩარჩა, შემდეგ ეტაპზე კი „რეალ ბეტისი“ და პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ გავიდნენ.
„კლუბმა ევროპის ლიგაზე საუკეთესო მომენტი თამაშის დაწყებიდან ერთ საათში შექმნა. ლევან ყენიამ ბურთი საკუთარ მოედანზე მიიღო, დრიბლინგით „ბეტისის“ საჯარიმომდე ჩავიდა და დანიელ სინანი მეკარესთან დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა, მაგრამ მან მიზანს ააცილა,“ – წერს ლუქსემბურგული კლუბის ოფიცალური გევრდი.
ევროპის ლიგიდან გავარდნის მიუხედავად, „დუდელანჟის“ მოთამაშეებმა მატჩის შემდეგ დიდი ზეიმი მოაწყვეს, რომელშიც ლევან ყენიაც მონაწილეობდა. საქმე ისაა, რომ ეს ლუქსემბურგული კლუბის მიერ ევროპის ლიგის ჯგუფში მოპოვებული პირველი ქულა იყო.