ქართველები იყვნენ პირველები მსოფლიოში, რომლებმაც ყვითელი ბარათები მიიღეს - ფიფა-ს ჩინოსანს ბარათების შემოღება შუქნიშანმა გადააწყვეტინა [ვიდეო] #1TVSPORT
ფეხბურთის თამაშის წესები ინგლისში 1863 წელს შემოიღეს. ის მუდმივად იცვლებოდა და იხვეწებოდა. თავიდან მსაჯები ფეხბურთელებს დარღვევებს (გაფრთხილებას ან გაძევებას) სიტყვიერად უცხადებდნენ და ბლოკნოტში ჩანაწერებს აკეთებდნენ.
ფეხბურთელის გაძევებასთან დაკავშირებით გახმაურებული ინციდენტი ინგლისში გამართულ 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა. მეოთხედფინალში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლები არგენტინელებს შეხვდნენ. ერთ ეპიზოდში გერმანელმა მსაჯმა, რუდოლფ კრაიტლიანმა არგენტინელთა კაპიტან ანტონიო რატინს უთხრა, რომ ის გაძევებულია და მოედანი უნდა დაეტოვებინა.
არბიტრმა ეს მშობლიურ ენაზე, გერმანულად უთხრა, რადგან არც ესპანური იცოდა და არც – ინგლისური. თავის მხრივ, დამნაშავე ფეხბურთელმა გერმანული არ იცოდა და მოედანი არ დატოვა, რადგან არ ესმოდა და არც მოედნიდან გასვლა სურდა. თამაში 10 წუთით შეწყდა. მაშინ რუდოლფ კრაიტლიანმა მოედანზე გამოიძახა ინგლისელი კენ ასტონი, რომელმაც ჩემპიონატზე მსაჯების მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი – მან გაუგებრობა მოაგვარა და არგენტინელი გასახდელში გააგზავნა.
კენ ასტონმა გაიხსენა, რომ მსგავსი რამ მასაც დაემართა, როცა 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩილესა და იტალიის ნაკრებების მატჩს სჯიდა. თამაში ემოციური და უხეში იყო და ერთ-ერთი ეპიზოდის შემდეგ კენ ასტონმა ჯორჯო ფერინი გააგდო. თუმცა, ენობრივი ბარიერის გამო, იტალიელმა პრეტენზიები ვერ გაიგო და გასვლაზე უარი თქვა. საბოლოოდ, ის მოედნიდან პოლიციელების დახმარებით გაიყვანეს.
კენ ასტონი დაფიქრდა, რომ ფეხბურთში რაღაც უსიტყვო ჟესტები უნდა დანერგილიყო, რომლებიც დამრღვევ მოთამაშეებს მსაჯის გადაწყვეტილების შესახებ ანიშნებდნენ. ყვითელი და წითელი ბარათების იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც ის ლონდონში მანქანას მართავდა და წითელ შუქზე გაჩერება მოუხდა. მან ფიფა-ს მიმართა წინადადებით: გაფრთხილებისთვის მოთამაშეებისთვის ეჩვენებინა ყვითელი ბარათი, გაძევებულისთვის კი – წითელი ბარათი.
იდეას მხარი დაუჭირეს და ბარათები პირველად გამოიყენეს მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 1970 წელს მექსიკაში გაიმართა. გახსნის მატჩში ტურნირის მასპინძლები სსრკ-ის ნაკრებს 31 მაისს მეხიკოში, აცტეკას სტადიონზე შეხვდნენ. მას 107 ათასი მაყურებელი ესწრებოდა. მსაჯი გერმანელი კურტ ჩენშერი გახლდათ, რომელმაც 31-ე წუთზე ყვითელი ბარათი 11-ნომრიან საბჭოთა ფეხბურთელს, კახი ასათიანს აჩვენა და ქართველი ნახევარმცველი ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი მოთამაშე პლანეტაზე, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო.
იმ მატჩში, მსაჯმა კიდევ ოთხჯერ ამოიღო ყვითელი ბარათი და საინტერესოა, რომ მეორე ყვითელი ბარათიც ქართველმა მიიღო – გივი ნოდიამ. არბიტრმა ასევე გააფრთხილა – ევგენი ლოვჩევი და გენადი ლოგოფეტი, ასევე მექსიკელთა კაპიტანი გუსტავო პენია.
…კახი ასათიანი 1946 წლის 1 იანვარს თელავში დაიბადა. 18 წლის ასაკში შემტევმა ნახევარმცველმა თბილისის „დინამოში“ დაიწყო თამაში, სადაც ჩაატარა 218 მატჩი და გაიტანა 27 გოლი. სსრკ-ს ნაკრებში გამართა 16 მატჩი და გაიტანა 5 გოლი. საფეხბურთო კარიერა 28 წლის ასაკში მძიმე ტრავმის გამო დაასრულა.
ასათიანი კარიერის დასრულების შემდეგ ეწეოდა სამწვრთნელო და ადმინისტრაციულ საქმიანობას. ის იყო დირექტორი (რეალურად, პრეზიდენტი) იმ თბილისის „დინამოსი“, რომელმაც 1981 წლის 13 მაისს თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა – ასათიანმა ამ წარმატებაში უდიდესი როლი ფინანასური და ორგანიზაციული საკითხების მოგვარებით შეიტანა.
10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს, სიცოცხლის ბოლოს იყო ქართული ავიაკომპანია „აირზენას“ ვიცე-პრეზიდენტი და „მერსედესის“ წარმომადგენლობის დამფუძნებელი.