სლოვაკეთის ჩემპიონატის 12-ე ტურის შეხვედრაში, „ფორტუნა ლიგის“ მოქმედმა ჩემპიონმა ტრნავას „სპარტაკმა“ „სენიცას“ უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 4-1 დაამარცხა.
„სპარტაკის“ რიგებში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა, მიმდინარე სეზონში სადებიუტო გოლი გაიტანა. ქართველმა შემტევმა თავი 73-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც ანგარიში 3-1 იყო. ჭანტურიშვილის გოლი ამ დაპირისპირებაში უკანასკნელი აღმოჩნდა.
მატჩში მონაწილეობა კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა, დავით სხირტლაძემ მიიღო, რომელიც მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა. ტრნავას „სპარტაკი“ 12 ტურის შემდეგ, 14 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.
სანაკრებო პაუზის შემდეგ ეს ევროპაში მეორე ქართული გოლია. ჭანტურიშვილამდე თავის გამოჩენა, რუსეთის პრემიერლიგაში, საბა კვირკველიამაც შეძლო. „ლოკომოტივმა“ „როსტოვი“ სწორედ მისი გოლით დაამარცხა – 2:1.