ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი აუდიტის სამსახურის ანგარიშს სიცრუეს უწოდებს
ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი აუდიტის სამსახურის ანგარიშს სიცრუეს უწოდებს

ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ მას ბიუჯეტის ფული პირადი სარგებლისთვის არ გამოუყენებია. გელა ბერუაშვილი ადასტურებს, რომ ტურნირის გამარჯვებულისთვის საჩუქრად გადასაცემი ბინა საკუთარი შვილების სამშენებლო კომპანიაში შეიძინა, მაგრამ მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ბიუჯეტის თანხის დაზოგვის მიზნით გააკეთა.

„ბინა, რომელიც გამარჯვებულ კაციაშვილს გადავეცით, კვადრატული 330 დოლარად შევიძინეთ, 170 დოლარით ნაკლებად. რაც შეეხება იმას, რომ აუდიტის დასკვნაში წერია, თითქოს იმ კორპუსში კვადრატული 1050 ლარი ღირდა და ჩვენ 48 ლარით უფრო ძვირად 1098 ლარად შეიძინეთ, ტყუილია, რადგან მანდ წერია, რომ 50 კვადრატული ბინა ვიყიდეთ, როცა სინამდვილეში ბინა 60 კვადრატია და ეგ სხვაობაც მაქედან გამომდინარეობს. მე აუდიტს მივუტანე და ვაჩვენე, რომ არის 60 კვადრატი. შესაძლებელია ამ ბინის აზომვა და ნახავენ თავადაც“, – განაცხადა ბერუაშვილმა.

გელა ბერუაშვილის თქმით, მისი შვილი ფედერაციაში მონიტორინგის მენეჯერად არასდროს ყოფილა დასაქმებული. ამასთან აღნიშნავს, რომ არ ახსოვს, 2016 წელს ამ პოზიციას ვინ იკავებდა, თუმცა იქვე აცხადებს, რომ შვილის კომპანიას ზოგჯერ მიმართავენ კიდეც დახმარებისთვის, კერძოდ ეს ეხება ტრანსპორტირებას.

„ჩემი შვილის კომპანიასთან ტრანსპორტირების საკითხში ვთანამშრომლობთ. ვაძლევთ ფულს, ჩაასხამს საწვავს და წაიყვანს, მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, ის არ ყოფილა ფედერაციაში დასაქმებული მონიტორინგის მენეჯერად. შესაბამისად, ამ თანამდებობას 2016 წელსაც არ იკავებდა. არავითარი ბიუჯეტის ფული არ მაქვს დახარჯული არც შვილზე და არც საკუთარ თავზე“, – აცხადებს ბერუაშვილი.

ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი აუდიტის დასკვნას მხოლოდ ვიქტორინის ნაწილში ეთანხმება, თუმცა ისიც ნაწილობრივ. ბერუაშვილი აცხადებს, რომ ამ ნაწილში შეცდომა დაუშვა, ხოლო ჩოხების კომპლექტის შეძენასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საჭიდაო ჩოხები სამინისტროსგან არ გამოითხოვა, რადგან ისინი უხარისხო იყო და გადაწყვიტა, უფრო ხარისხიანი შეეძინა, თუმცა უფრო მაღალ ფასში.

ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით ამ დრომდე არავინ დაკავშირებია, თუმცა აცხადებს, რომ ის თავად აპირებს გაარკვიოს, რატომ დადო სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მისივე შეფასებით, არასამართლიანი ანგარიში.

„ამ დრომდე არავინ დამკავშირებია გამოძიებაზე ან გამოკითხვაზე. ვინც დაწერა ეს აუდიტი, მათ ველაპარაკე, ავუხსენი ყველაფერი და ყველაფერზე მითხრეს კი მართალი ხარ, მართალია, მაგრამ რატო გამოვიდა ასე, არ ვიცი. მე ამას აუცილებლად გავარკვევ, რა მოხდა“, – აცხადებს გელა ბერუაშვილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში წარმოადგინა.