ქართულ ჭიდაობას შესაძლოა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს და იუნესკო-ს ნუსხაში შევიდეს
ქართულ ჭიდაობას შესაძლოა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს და იუნესკო-ს ნუსხაში შევიდეს

ქართულ ჭიდაობას  შესაძლოა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს და იუნესკო-ს შესაბამის ნუსხაში შევიდეს.

როგორც კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ გიორგაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, იმედი აქვს, შესაბამის ნომინაციაში ქართული ჭიდაობის წარდგენა წარმატებული იქნება.

„არ შემიძლია, არ აღვნიშნო, თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, ჩვენი წარმატებული ურთიერთობა იუნესკოსთან.

მოგეხსენებათ, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაბრუნების საკითხი ძალიან წარმატებულად გადაწყდა. არაერთი ახალი ინიციატივა გვაქვს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის მიმართულებით. არც ისე დიდი ხნის წინ, დარწმუნებული ვარ, გემახსოვრებათ ქართული ანბანის წარმატებული შემთხვევა ამ მიმართულებით. წლის ბოლოს ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებული ნომინაცია იქნება ქართული ჭიდაობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებისა და იუნესკო-ს შესაბამის ნუსხაში შეტანისა“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

საქართველოს პარლამენტში მთავრობის წევრობის კანდიდატებს უსმენენ.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა.

20 ივნისს კი ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მოთხოვნა უკვე გაუგზავნა.

საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად გუშინ წარედგინა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.