გიორგი ქანთარიას გუნდმა, გროდნოს „ნემანმა“, ბელარუსის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში მკვეთრი ნახტომი გააკეთა.
„ნემანი“ მე-14 ტურში გასვლაზე „სლუცკს“ ეწვია და 37-ე წუთზე პაველ ზაბლინის გოლის წყალობით დაწინაურდა. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და ქანთარიას გუნდმა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო.
გიორგი ქანთარია კვლავ სათადარიგოებში იყო, მოედანზე კი 75-ე წუთზე გამოჩნდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ ავადმყოფობის შემდეგ გროდნოელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიბრუნა.
„ნემანმა“ 14 ტურის შემდეგ 23 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე დაწინაურდა, როდესაც სულ რაღაც ექვსი ტურის წინ მე-11 პოზიციაზე იყო. სოლიგორსკის „შახტიორი” კი, სადაც გეგა დიასამიძე და ლაშა შინდაგორიძე არიან, 25 ქულით მეორე ადგილზეა.