ქალთა ტურნირს პირველი ნომერი გამოეთიშა - აშშ-ის ღია, ქალები, II წრე
აშშ-ის ღია პირველობის მეორე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას პირველ ნომრად განთესილი კაროლინა პლიშკოვა. მან ორ სეტში წააგო ფრანგ კაროლინ გარსიასთან – 1:6, 6:7(2).
გარსიამ შთამბეჭდავი სტარტი აიღო და ზედიზედ ხუთი გეიმის მოგება შეძლო. მხოლოდ ამის შემდეგ აიღო ერთი გეიმი პლიშკოვამ, მაგრამ პარტია ვერ გადაარჩინა.
მეორე სეტი გარსიას ბრეიკით დაიწყო და ფრანგი გამარჯვებას უახლოვდებოდა, მაგრამ პლიშკოვამ შეძლო დროებით ინიციატივის მოპოვება – ჯერ უკუბრეიკი შეასრულა, 5:4-ზე კი ორი სეტბოლი მოიპოვა. გარსიამ ამ საფრთხეების მოგერიება და პარტიის ტაი-ბრეიკზე გადაყვანა მოახერხა, სადაც 2:2-ზე ზედიზედ ხუთი ქულა აიღო. ფრანგი მესამე წრეში გავიდა, რაც აშშ-ის ღიაზე მისი საუკეთესო შედეგის გამეორებაა. მერვედფინალში გასასვლელად ფრანგი ამერიკელ ჯენიფერ ბრეიდის შეხვდება.