ქალთა ნაკრების კაპიტანი ანანიძეს ემადლიერება - იშვიათია, ადამიანი ასე უანგაროდ გეხმარებოდეს
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო სუთიძემ, სოციალურ ქსელში გაავრცელა წერილი, სადაც კოლეგას და მეგობარს, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს მადლობას საჯაროდ უხდის.
„ადამიანებს ხშირად უნდა შევახსენოთ პოზიტიური ამბები და მეც პატარა ისტორიას მოგიყვებით. ჯანო, ერთი წლის უკან გავიცანი, როცა ჩვენს ფეხბურთელს, ნინი გურგენიძეს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.
ჯანომ „პირველი ეტაპი“ სრულიად დაუფინანსა და ნინის ამბებით გასაგებად დრო და დრო სულ მეხმიანებოდა. ავტომატურად ჩვენი, ქალთა ნაკრებითაც ინტერესდებოდა ხოლმე. კეთილი ნებით, მან საჩუქრად საკუთარი ბუცები გამომიგზავნა და მითხრა – „ვისაც ჩათვლი საჭიროდ, რომ დახმარება სჭირდება, დაეხმარეო“. შეიძლება მისთვის ეს ბუცები არაფერს ნიშნავდეს. მაგრამ, იშვიათია, ადამიანი ასე უანგაროდ გეხმარებოდეს და შენგან არაფერს ელოდეს. პირველად არის ჩემს გარშემო ასეთი ისტორია და მიხარია რომ პირადად მე შემემთხვა, რადგან მაქვს საშუალება საჯარო გავხადო ის თემა, რაც საზოგადოებაში ნამდვილად სათქმელია. ყველაფრისთვის მადლობა ჯანო!“ – წერია ნინო სუთიძის გავრცელებულ წერილში.