ქალთა ლიგა - ორი ტურის შემდეგ სამი ლიდერია [ვიდეო] #1TVSPORT
ქალთა ლიგა - ორი ტურის შემდეგ სამი ლიდერია [ვიდეო] #1TVSPORT

ქალთა ლიგაში 2022 წლის სეზონის მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართა – 4 მატჩში 17 გოლი გავიდა და სამი გუნდი ქულების მაქსიმუმით დაწინაურდა.

სოხუმის „დინამო“- „კოლხეთი“ ხობი 3:2

სფფ-ს ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო კომპლექსში, ლიგის დებიუტანტმა სოხუმის „დინამომ“ ხობის „კოლხეთი“ დაძაბულ დაპირისპირებაში დაამარცხა. მე-2 წუთზე ავტოგოლით სტუმრები დაწინაურდნენ. მასპინძლებმა შეხვედრის პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში ნათია სხირტლაძის გოლით მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, ხოლო 67-ე წუთზე, სოხუმელები ლელა ჭიჭინაძემ დააწინაურა. 69-ე წუთზე, ნატა კვირკვაიამ წონასწორობა პენალტით აღადგინა. 76-ე წუთზე ნათია სხირტლაძემ დუბლი გაიფორმა და სოხუმის „დინამომ“ მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვება ჩაიწერა.

„გორი იუნაიტედი“ – „ნორჩი დინამო“ 0:4

გორის „პარკი არენაზე“ თბილისელები 32-ე წუთზე მარიამ რომანჩუკმა წინ გაიყვანა. სტუმრებმა მეორე ტაიმში კიდევ სამი გოლი გაიტანეს. რომანჩუკმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა (52, 82), ერთი გოლიც ელენე კახნიაშვილის (79) ანგარიშზეა და „ნორჩმა დინამომ“ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

„ლანჩხუთი“ – „კვარტალი“ 3:0

ლანჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძე-არენაზე“, მოქმედმა ჩემპიონმა „ლანჩხუთმა“ თბილისის „კვარტალი“ დამაჯერებლად დაამარცხა. გურულებში გადაბარგებულმა ეთერ სულაშვილმა დუბლი (25, 65) შეასრულა და ორი ტურის შემდეგ 5 გოლით ბომბარდირთა დავაში გალიდერდა. საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე მეგი გოცირიძემ ულამაზესი გოლით დააფიქსირა.

„მართვე“ – „სამეგრელო“ 0:5

ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისის „ტორპედოს“ ბაზაზე ჩატარდა. „სამეგრელომ“ პირველივე ტაიმში მასპინძელთა კარის აღება სამჯერ მოახერხა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. მაიკო ბებიამ დუბლი გაიფორმა, თითო გოლი თამრიკო სალუქვაძის, ნინო ბუხრიკიძის და სვეტლანა კოლკას ანგარშზეა.

ქალთა ლიგის გათამაშებას 6-6 ქულით „სამეგრელო“, „ლანჩხუთი“ და სოხუმის „დინამო“ ლიდერობენ. მე-3 ტური 14 მაისს გაიმართება.