პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე - პურის ფასი არ მოიმატებს, რადგან განხორციელდება სუბსიდირება
პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ პურის ფასი არ მოიმატებს, რადგან განხორციელდება სუბსიდირება.
მედიასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ სუბსიდირების არარსებობის შემთხვევაში, პურის ფასი 15-20 თეთრით გაძვირდებოდა.
„მდგომარეობა ურთულესია, ლარის მდგომარეობა და გლობალურ ბაზრებზე ხორბლის გაძვირება ფოკუსირდება ფასებზე. პურში ფქვილის ღირებულება არის საკმაოდ მაღალი პროცენტით, ძირითადი ნედლეული პურისთვის არის ფქვილი, ამიტომ ეს თავის სატკივარი და საფიქრალია.
მინდა, დავაფიქსირო, რომ პურის ფასი არ მოიმატებს, რადგან განხორციელდება სუბსიდირება. რომ არა სუბსიდირება, პურის ფასი 15-20 თეთრით გაძვირდებოდა.
ახლა, მინდა გითხრათ, ვინ ჩაერთვება სუბსიდირებაში. საქართველოში არის პურის 2 500-ზე მეტი მწარმოებელი, მათ შორის არიან ინდმეწარმეები, სააქციო საზოგადოებები, შპს-ები და ა.შ. მწარმოებელი ბევრია, მაგრამ საფუძვლად იყო აღებული ის წარმოებები, რომლებიც ტონა ფქვილს ხარჯავენ, რადგანაც გამოყოფილია 10 მლნ სუბსიდირებაზე. ეს თანხა ტენდერის წესით იმ წისქვილს მიეცემა, რომელიც ფქვილის მიწოდებას უზრუნველყოფს.
ეს ეხება პურს, რომელსაც ვუწოდებთ „ქვის პურს“, 500-გრამიანი თეთრი, ყველაზე მასობრივი ასორტიმენტი, რომელსაც მოიხმარს ჩვენი მომხმარებელი“, – აცხადებს მალხაზ დოლიძე.
მისივე თქმით, პურის მწარმოებლებს არ ეხებათ არც გაზის გაძვირება.
„კიდევ ერთხელ ვამბობ – რომ არა სუბსიდია, პურის მრეწველობა იდგა იმის წინაშე, რომ ფასი უნდა გაზრდილიყო დაახლოებით 20 თეთრით. რაც შეეხება კომერციული გაზის გაძვირების საკითხს, გუშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ბუნებრივი აირის ფასი გახდება 1.10 თეთრი, თუმცა ეს ფასი არ შეეხება პურის მწარმოებლებს. ოფიციალურად დამირეკა „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა, რომელიც ჩვენ გვემსახურება და მითხრა, გაზის გაძვირება თქვენ არ შეგეხებათო“, – აცხადებს მალხაზ დოლიძე.