პსჟ-ის პრეზიდენტი სამსახურებრივი მდგომარეობის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაშია ეჭვმიტანილი #1TVSPORT
პარიზის პროკურატურამ „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტის ნასერ ალ-ხელაიფის მიმართ წინასწარი გამოძიება დაიწყო. ის ეჭვმიტანილია სამსახურებრივი მდგომარეობის პირადი ინტერესებისთვის უკანონოდ გამოყენებაში, – წერს გაზეთი L’Équipe.
გამოძიება უკავშირდება 2024 წლის ზაფხულში საფრანგეთის ჩემპიონატის სატელევიზიო უფლებების განაწილებას. იმ პერიოდში ალ-ხელაიფის ერთდროულად ეკავა პსჟ-ის პრეზიდენტის, beIN Media Group-ის ხელმძღვანელისა და საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის (LFP) დირექტორთა საბჭოს წევრის პოსტები.
გამოძიება შეამოწმებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ფუნქციონერი ცდილობდა ლიგის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენას, რათა მატჩების ტრანსლირების უფლება მის მფლობელობაში არსებულ ჯგუფ beIN Sports-ს მიეღო. გამოძიება საფრანგეთის საფინანსო ანტიკორუფციულ ჯგუფს დაევალა.
გამოძიების დაწყების საბაბი გახდა 2026 წლის 3 მარტს ანტიკორუფციული ორგანიზაცია Anticor-ის პროკურატურისადმი მიმართვა.
2024 წელს ლიგამ საკუთარი ტელეარხისთვის უფლებების მიყიდვას DAZN-თან და beIN Sports-თან შეთანხმება ამჯობინა. DAZN-მა თითოეული ტურის რვა მატჩის ჩვენების უფლება მიიღო, beIN Sports-მა – ერთის. თუმცა პირველი სეზონის შემდეგ DAZN-თან თანამშრომლობა შეწყდა.
ალ-ხელაიფის წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ და პროკურატურისადმი Anticor-ის მიმართვას „აბსურდულს“ უწოდებენ.