საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი ზურაბიანის ფოტო
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საბერძნეთთან ათენში გამართა და ოვერტაიმში 92:88 გაიმარჯვა.
ბერძნებს ბოლო მომენტში გამოაკლდათ ნიკ კალატესი, იანის ანტეტოკუნმპო ისედაც არ ჰყავდათ, ისევე როგორც ჩვენ NBA-ს კალათბურთელები – სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე.
შესაბამისად, ტოპკლასის მოთამაშე ასეთ სიტუაციაში ძალიან ბევრს წყვეტს. ამიტომაც გვეკითხებოდნენ ქართველ ჟურნალისტებს ბერძნები – თორნიკე შენგელია ითამაშებსო? დადებითმა პასუხმა ზოგი გააკვირვა, გუშინ ხომ ევროლიგაზე „დუბაის“ შემადგენლობაში ითამაშაო. სხვებმა იცოდნენ თორნიკეს ამბავი და ამიტომაც უფრთხოდნენ მას.
თამაშმაც გვიჩვენა, რომ მათ სიფრთხილეს საფუძველი ჰქონდა: ბერძენთა ნაკრებში შენგელიას შემჩერებელი კალათბურთელი არ მოიძებნა. მართალია, ქულაუხვი თამაში არ გამოვიდა, ორივე გუნდი ძალიან დიდ ენერგიას დაცვაში ხარჯავდა. თუმცა შენგელია და რიდი ორივე გუნდში მთავარი მექულეები იყვნენ.
მატჩის წინა დღით დუდა სანაძემ აღნიშნა – თუ თამაში ქულა-ქულაში წავა, ბერძნები უფრო ანერვიულდებიან, რადგან შინ თამაშობენ და წაგება მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს მინიმუმამდე უმცირებთო. დუდა მართალი აღმოჩნდა, თამაში თავიდან ბოლომდე თანაბარი იყო და განსაკუთრებით მეტი შეცდომა მეოთხე პერიოდში დაუშვეს, ქულების მოგროვება ერთსაც და მეორე გუნდსაც ძალიან გაუჭირდა.
ორიოდე სიტყვა სტატისტიკაზეც უნდა ვთქვათ: საქართველოს ნაკრები უხეშობით არასოდეს გამოირჩევა, შესაბამისად, იშვიათია შემთხვევა, მეტოქეზე ნაკლები საჯარიმო სტყრცნოს. მით უმეტეს, როცა გუნდში თორნიკე შენგელია გყავს, რომლის შეჩერება ჯარიმის გარეშე ურთულესი საქმეა.
ათენის მატჩში კი მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე საბერძნეთს 26 საჯარიმო ჰქონდა ნატყორცნი, საქართველოს მხოლოდ – 9. ასეთ სხვაობას მხოლოდ ერთი ახსნა მოეძებნება – საბერძნეთი შინ თამაშობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ სადავო ეპიზოდში მსაჯები საქართველოს ნაკრების საწინააღმდეგოდ სტვენდნენ.
ალექსანდარ ჯიკიჩის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდი ამისთვისაც სათანადოდ მოამზადა – ჩვენი გუნდის კალათბურთელებს მსაჯის ბევრი მართლაც ზედმეტად საეჭვო მოქმედება ხმამაღლა ერთხელაც არ გაუპროტესტებიათ. მშვიდად წარმართეს მთელი თამაში და მშვიდად მივიდნენ ბოლო წამებამდე. მატჩის დასრულებამდე 2:27 წამით ადრე საქართველო რიდის ჩაჭრით და ორქულიანით 72:68 დაწინაურდა.
მატჩის ბოლო წუთები დაძაბულად, ქულა-ქულაში წარიმართა და ძირითადი დრო 75:75 დასრულდა – გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა.
ოვერტაიმში საქართველოს ნაკრებს 5-5 პერსონალური შენიშვნების გამო რატი ანდრონიკაშვილი და ალექსანდრე მერკვილაძე ვერ დაეხმარნენ, მიუხედავად ამისა, ქართველმა კალათბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგეს – 92:88.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.
მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ 29 ნოემბერს თბილისში პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.