პროკურორი - საქმეში გვაქვს არაერთი მტკიცებულება, რაც ადასტურებს გიორგი მაღრაძის ბრალეულობას და საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ფიზიკური დაზიანების ფაქტს
პროკურორი - საქმეში გვაქვს არაერთი მტკიცებულება, რაც ადასტურებს გიორგი მაღრაძის ბრალეულობას და საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ფიზიკური დაზიანების ფაქტს

ილია თვალიაშვილის ეპიზოდში ამ ეტაპზე ორი პირი იდენტიფიცირებულია და გამოძიება ამ მიმართულებით გრძელდება, – ამის შესახებ პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელზეც საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულის, გიორგი მაღრაძეს აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელეს.

„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძვლები. რაც შეეხება მის განცხადებას, ამის საპირწონედ საქმეში გვაქვს არაერთი მტკიცებულება, ამოცნობის ოქმი, ვიდეომასალის დათვალიერების ოქმი, რაც ადასტურებს მის ბრალეულობას და პირველი არხის ოპერატორის მიმართ ფიზიკური დაზიანების ფაქტს. ილია თვალიაშვილის ეპიზოდში ამ ეტაპზე ორი პირი იდენტიფიცირებულია და გამოძიება ამ მიმართულებით გრძელდება. უშუალოდ გიორგი მაღრაძემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მასზე და ფეხს ურტყამდა“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

დღევანდელ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოვდა, რასაც არ დაეთანხმა თავად ბრალდებული.