პროკურორი - ბრალდებულები ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს
პროკურორი - ბრალდებულები ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ბრალდებულები ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი.​

მისი თქმით, ვიდეომტკიცებულებებზე ჩანს, როგორ ბრალდებულები მისდევენ შაქარაშვილს და რომ მასთან მყოფ პირებს თავს დაესხნენ.

მისი თქმით, პროკურატურა საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.

„სადაც არ არის ჩანაწერები, იქ ჩვენებებით ვადგენთ, რომ თავს დაესხნენ შაქარაშვილს. ნაწილს არაფერი უსაუბრია და ვინც ისაუბრა ფაქტებზე, ისევე როგორც რევაზიშვილზე, ყველამ იცრუა და სასამართლოს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია. არაერთხელ დადასტურდა, რომ სიცრუეა. მოლოდინი არ გვქონდა, რომ ვინმე იტყოდა სიმართლეს და ახლა გვაქვს მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი. როდესაც საუბრობენ, რომ იმ დროს თავს არ ესხმიან შაქარაშვილს, თითქოს მიყვებოდნენ, ასე აფასებს დაცვის მხარე ფაქტს, ყველა ნათლად ვხედავთ, რას ჰქონდა ადგილი. ყველაფერზე გაეცა დაცვის მხარეს პასუხი ამ დროის განმავლობაში“, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბიძინა სტურუა სათათბიროდ გავიდა.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახის წევრებმა დღეს განაცხადეს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, დავას როგორც სამართლებრივად, ასევე პროტესტის გზით განაგრძობენ. მათი თქმით, საქართველოში თუ ყველა ინსტანცია გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული. ეს პირები არიან ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და არასრულწლოვნები, ზ.ხ. და ა.ქ.