გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, დავას სამართლებრივად და პროტესტის გზით განაგრძობენ
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, დავას სამართლებრივად და პროტესტის გზით განაგრძობენ

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, დავას როგორც სამართლებრივად, ასევე პროტესტის გზით განაგრძობენ.

ბრალდებულ ვახტან ჩიქოვანის დედამ, ნინო გოგილაშვილმა მედიასთან თქვა, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და ხუთი ბრალდებულის მიერ განზრახ მკვლელობის ფაქტს ვერც ერთი მოწმე ვერ ადასტურებს. მისი თქმით, უსამძიმრებს გარდაცვლილ ოჯახს, თუმცა ჩიქოვანის ამ საქმესთან შემხებლობას კატეგორიულად გამორიცხავს.

„ვახო იმ ბრალს ვერასოდეს აღიარებს, რომელიც არ ჩაუდენია. როგორ უნდა აღიაროს, ვერ აყალიბებს ვერც ერთი მოწმე, ვერ ამტკიცებს შემხებლობას. ყველა მოწმე განადგურებულია ადვოკატების მიერ. რომელი ბრალი, რომელი? გარედან ვუსმენდი და ბოლო სიტყვები რაც გავიგე, ეს იყო, თუ მესვრით და მომკლავთ, ეს არის ჩვენი განაჩენი. არაა აუცილებელი, ადამიანს ესროლო და ისე მოკლა, ესეც ოჯახების სიკვდილიაო, თუ დაუმსახურებელი განაჩენი დადგებაო. ჩემი შვილი როგორც დამენანებოდა, ასე მენანება ეს ბავშვი. ღმერთმა არ ქნას, იმ ოჯახის მდგომარეობაში ჩვენი შვილის წარმოდგენა. მოლოდინი მაქვს, რომ გამამართლებელი დადგება აუცილებლად, რადგან მაშინ აღარაფერს არ ექნება აზრი, აღარც სასამართლოს და აღარაფერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავყვებით სამართლებრივადაც და არასამართლებრივადაც“, – განაცხადა ნინო გოგილაშვილმა.

ამასთან, როგორც ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმამ, ვახო რევაზიშვილმა განაცხადა, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს დააანონსებს.

ვახო რევაზიშვილი მოსამართლე ბიძინა სტურუას განაჩენის მოლოდინშია.

„რეალურად, ორი ვარიანტია, მოსამართლე არის გაყიდული და იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. მეორე, რომ იმსჯელოს ობიექტურად და იყოს გამამართლებელი. მე არ ვიცი, მის თავში ვერ ჩავიხედები, დაველოდებით განაჩენს და შემდეგ ნაბიჯებზე ვიფიქრებთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ და გავაშიშვლებთ სისტემას, თუ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. ეს იქნება პროტესტიც და სამართლებრივი დავაც. ხუთივეს ოჯახზე ვსაუბრობ. გავასაჩივრებთ სააპელაციოში. თუ იქაც თვალს დაიბრმავებენ, გავასაჩივრებთ საკასაციოში და იქაც თუ ვერაფერი, წავალთ სტრასბურგში“, – განაცხადა ვახო რევაზიშვილმა.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში იმართება. დღევანდელ სხდომაზე შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული.