გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბიძინა სტურუა სათათბიროდ გავიდა.

როგორც ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა, ლელა გოგოლაძემ განაცხადა, გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია.

„დღეს იყო ბოლო პროცესი და ველოდებით განაჩენს. ამ მოცემულობით, რაც ბრალდების მხრიდან და ბრალდებულებისგან დღეს მოვისმინეთ, ასევე რაც მანამდე გაჟღერდა, მოლოდინი მხოლოდ გამამართლებელია. საბოლოო სიტყვაში ჩიქოვანმა თქვა, რომ უდანაშაულოა და თვალით არ უნახავს გარდაცვლილი შაქარაშვილი. ის მანამდე გაიქცა, სანამ ვახო გადავიდა მანქანიდან. გამოთქვამს მწუხარებას, რომ იქ იყო, იმ ადგილას და იმ დროს, თუმცა არის უდანაშაულო. ველოდებით გამამართლებელ განაჩენს“, – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული. ეს პირები არიან ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და არასრულწლოვნები, ზ.ხ. და ა.ქ.