პროკურორი აცხადებს, რომ ყველა ბრალდებულის, მათ შორის მელიას შემთხვევაში, მათი მთავარი მოტივაციაა, ქცევა იყოს კანონიერი
პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ ყველა ბრალდებულის, მათ შორის ნიკა მელიას შემთხვევაში, მათი მთავარი მოტივაციაა, ქცევა იყოს კანონიერი.
ამის შესახებ პროკურორმა ისაუბრა დეპუტატ ირაკლი ზარქუას განცხადების შეფასებისას, რომ „პროკურატურა იმით არის დაკავებული, როგორმე ნიკა მელია გარეთ გამოუშვას“.
„ვისაუბრებ მხოლოდ სამართლებრივ გარემოებებზე. ნამდვილად არ არის ჩემთვის ცნობილი, სხვა პიროვნებამ რა ინფორმაცია გაავრცელა და რა არგუმენტაცია აქვს ამის დასადასტურებლად, თუმცა მე ვიყავი პროკურორი ამ საქმეზე, მათ შორის იმ პროცესზე, როდესაც მოხდა გამკაცრება, გირაოს თანხის გაზრდით. ამას კანონმდებლობა უშვებს, ეს არის ნორმის განმარტების საკითხი, რაც მარტივად აღსაქმელია ყველა იურისტისთვის. ასეთი განმარტება მოახდინა სასამართლომ, რომელსაც ჰქონდა თავისი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
პროკურატურამ განაცხადა ბრიფინგის დონეზე, რომ მთავარი მოტივაცია ყოველთვის იყო, კანონის ფარგლებში სათანადო ქცევის უზრუნველყოფა მომხდარიყო ყველა ბრალდებულის და მათ შორის ნიკანორ მელიასიც. ეს არის ნარატივი, რაც პროკურატურამ საკუთარ განცხადებებში გაატარა. ბუნებრივია, ეს მოცემულობა დღეის მდგომარეობითაც არის“, – განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.